იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგა – რა იქნება შემდეგ?

27 იანვრიდან რესპუბლიკის პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის გზის ასარჩევად

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღეს დილით  მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას ოფიციალურად განაცხადა თავისი გადადგომის შესახებ და „მთელ სამთავრობო გუნდს და ყოველ მინისტრს სათითაოდ, ერთად მუშაობის ყოველი დღისთვის“ მადლობა გადაუხადა. „ანსას“ ინფორმაციით, კონტესა და მის სამთავრობო გუნდს შორის ძალზე გულთბილი შეხვედრა იყო, მინისტრები პრემიერს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ.

მინისტრებთან მოკლე თათბირის შემდეგ ჯუზეპე კონტე კვირინალეს სასახლეში (იტალიის პრეზიდნეტის რეზიდენცია რომში) გაემართა პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, რათა ოფიციალურად გაეფორმებინა თავისი გადადგომა.

კვირინალეს სასახლე კონტემ დაახლოებით ნახევარ საათში დატოვა და მანქანით სენატში გაემგზავრა, რათა თავისი გადადგომის შესახებ სენატის თავმჯდომარისთვის, მარია ელიზაბეტა ალბერტი-კაზელატისთვის ეცნობებინა. მასთან მოკლეხნიანი შეხვედრის შემდეგ ჯუზეპე კონტე დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს რობერტო ფიკოს ეწვია.

პრეზიდენტის მდივანმა უგო ზამპეტიმ კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლეში კონტეს ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი იტოვებს უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მატარელამ მოქმედ მთავრობას სთხოვა, მიმდინარე ამბების დასრულებამდე გააგრძელოს მუშაობა.

ზამპეტის ინფორმაციით, კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით 27 იანვრიდან დაიწყება.

პრეზიდენტი სერჯო მატარელა რამდენიმე შეხვედრას გამართავს ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან. ამ შეხვედრების შედეგად პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა გზით უნდა გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.

პრეზიდენტ მატარელას, იტალიის კანონების საფუძველზე, შეუძლია ვადამდელი არჩევნები გამოაცხადოს, ან აწ უკვე ყოფილ პრემიერს (ჯუზეპე კონტეს) უფლება მისცეს, შექმნას ახალი სამთავრობო კოალიცია მოქმედი პარლამენტის შემადგენლობიდან, ან ასეთი უფლებამოსილება მისცეს არა კონტეს, არამედ რომელიმე სხვა პოლიტიკოსს საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებიდან. 

როგორც ცნობილია, მმართველ უმრავლესობაში კრიზისის მიზეზი გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის (2014-2016 წწ.), მატეო რენცის პარტია „იტალია ვივას“ („ცოცხალი იტალია“) გადაწყვეტილება, მთავრობიდან გაეწვია თავისი 2 მინისტრი. რენცის უკმაყოფილება გამოიწვია ეკონომიკის აღდგენის გეგმის რეალიზაციის საკითხმა, რომლის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის სახსრებია.

მატეო რენცის 2 მინისტრის სამთავრობო კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა მოქმედმა მთავრობამ, დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, 18-19 იანვარს ნდობის ვოტუმი პარლამენტის ორივე პალატაში (დეპუტატთა პალატა და სენატი) მიიღო. ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციას ძალიან არამყარს უწოდებს  და დაბეჯითებით მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს. 

უახლოეს მომავალში გამოჩნდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი მატარელა – გახდება თუ არა ჯუზეპე კონტე მესამედ (იგი პირველად 2018 წლის პირველ ივნისს დაინიშნა) იტალიის პრემიერ-მინისტრი და უკვე მესამე კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს; სხვა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი დაიკავებს მის ადგილს და ახალ მმართველ კოალიციას შექმნის; თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close