fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიაში მკაცრი კარანტინი 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრები 19 იანვარს გამართული ვიდეოკონფერენციის დროს მკაცრი კარანტინის 14 თებერვლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ქვეყანაში მოქმედი კარანტინის ვადა 31 იანვარს იწურებოდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ვიდეოკონფერენცია დაგეგმილზე თითქმის ერთი კვირით ადრე გაიმართა კორონავირუს SARS-CoV-2.ის ახალი შტამების გავრცელების ფონზე.

მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება. გერმანიაში არ მუშაობენ მაღაზიები (სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა), დაკეტილია სკოლები, საბავშვო ბაღები, საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და სპორტული დარბაზები, აგრეთვე, კინოთეატრები, მუზეუმები და თეატრები.

ინფექციასთან ბრძოლა გაფართოვდა. ახლა მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია სამედიცინო ნიღბის ტარება (აქამდე პირის და ცხვირის დაფარვა ნებადართული იყო შარფით, ან სხვა ქსოვილით). დამსაქმებლებს დაევალათ მონახონ საშუალებები დისტანციური მუშაობისთვის. გერმანიის მცხოვრებლებს მოუწოდეს, აბსოლუტურ მინიმუმამდე შეამცირონ კონტაქტები.

მკაცრი ლოქდაუნი გერმაანიაში 2020 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედებს, ხოლო 2021 წლის 5 იანვრიდან იმ რაიონებში, სადაც 7 დღის განმავლობაში 100 ათას ადამიანზე ინფიცირების 200 ახალ შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდება, მოქალაქეებს გადაადგილება საპატიო მიზეზის გარეშე შეუძლიათ 15 კმ-ის რადიუსში საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან. გარდა ამისა, ოჯახის იმ წევრების გამოკლებით, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, შეხვედრა დაშვებულია მხოლოდ ერთ ადამიანთან.

worldometers.info-ს მონაცემებით, გერმანიაში ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ამ დრომდე კორონავირუსი 2 071 473 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 49 244 გარდაიცვალა, 1,71 მლნ-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 12 159 ადამიანს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 1139 ინფიცირებული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close