fbpx
საზოგადოებასაქართველო

ცნობილია საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სცენარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, განსაზღვრულია საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრობა – ის, თუ რომელი ასაკობრივი თუ პროფესიული ჯგუფები ვის შემდგომ აიცრებიან.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოყოფილია დეტალური ჩამონათვალი, პირველი ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ არის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წელს ზემოთ პირები – პირველი ჯგუფი, შემდეგ 65-დან 74 წლამდე. უკვე მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ეს არის ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა უბრალოდ ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. მერე ამას მოჰყვება 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი და შემდეგ უკვე მოდის 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ამის მერე რჩება უკვე მოსახლეობის სხვა ჯგუფები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, ჯამში, ეს რაოდენობა შეადგენს 1 მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციართა სრული მოცვისთვის საჭირო იქნება 3 მილიონ 900 ათასი დოზა, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლის პირველი-მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფების მოცვას და შემდეგ დაიწყება მასობრივი ვაქცინაციის კამპანია.

„მერწმუნეთ, ბევრი ვაქცინა, რომელიც დღეს „ფაიფლაინშია“ და ემზადება ავტორიზაციის მისაღებად, დაგვეწევა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე ეს ჯგუფები იქნება მოცული, ეს არის გეგმის სცენარი და პროგნოზები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა გასულ პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველომ საერთაშორისო „კოვაქს პლატფორმას“ ოფიციალურად შეატყობინა, რომ მზად არის დაავადება COVID-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დასაწყებად.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „კოვაქსისგან“ გასულ კვირაში მიღებულ წერილს, ბოლო ვადის ამოწურვამდე, 18 იანვრამდე უპასუხეს და აცნობეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია აცრა ხვალვე დაიწყოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, საბოლოო პასუხს მაქსიმალურად სწრაფად ელოდებიან და რეალისტურია, რომ ვაქცინაცია თებერვალში დაიწყოს.

„კოვაქს პლატფორმა“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნებისთვის ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელმაც მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის, ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneсa-​სა და ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ ვაქცინებს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close