საზოგადოებასაქართველო

საქართველოში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი

დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად, თოვლის სახით, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს ტემპერატურა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა. 

მისი განმარტებით, 20-იდან 23 იანვრის ჩათვლით, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება.

„18 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების გავრცელება, ამიტომ დღეს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ქარის გაძლიერება, რაც გამოიწვევს ქარბუქს. ჰაერის ტემპერატურა მცირდება მთელ საქართველოში, ღამის საათებში 20-იდან 23 იანვრის ჩათვლით გაძლიერდება ყინვა“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

სპეციალისტის ინფორმაციით, გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება.

„გუდაურის გზაზე თოვა ნარჩუნდება. საღამოს და ხვალ დღისით თოვა შეწყდება. შესაძლოა, მცირე თოვა შენარჩუნდეს 20-21 იანვარს, მაგრამ გაძლიერდება ყინვები როგორც დღისით, ისე ღამის საათებში. ზვავსაშიშროება ამჟამადაც არის ადგილზე, დილით ფიქსირდებოდა 180 სმ-მდე თოვლის საფარი, ამ საღამოსაც მოიმატებს, ზვავსაშიშროება შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ზვავსაშიშროების პროგრამით, უკვე ხვალიდან დაიწყებენ პროგნოზირებას, როდის შეიძლება ზვავსაშიშროების მოხსნა და დროებითი გზის გახსნა“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close