საზოგადოებასაქართველო

ოქსფორდის უნივერსიტეტი: საქართველო 183 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ

ოქსფორდის უნივერსიტეტის განახლებული მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მიხედვით, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის საქართველო მე-10 ადგილზეა.

შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს: სამთავრობო პოლიტიკის, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვა) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვა).

„როგორ შეიძლება, ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი. ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოვიდით, მცირედი, მაგრამ მაინც გამხნევება იქნება ფაქტი, რომ ისინი მარტო არ არიან, მთელი მსოფლიო ბევრად უარეს დღეშია“, – ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს.

იგი ოქსფორდის უნივერსიტეტი მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს აფასებს აღნიშნავს, რომ დადებითი რეიტინგები სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებაც არის.

„ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებად განახლებულ, სადაც აძლევს შეფასებას მსოფლიოს 183 ქვეყნის ძალისხმევას და ბრძოლის შედეგებს კოვიდპანდემიის წინააღმდეგ. შეფასება მოიცავს 19 ინდიკატორს და ეს არ არის მარტო სუფთა სამედიცინო ღონისძიებების შეფასება, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება, სახელმწიფოსა და მთავრობის ძალისხმევის შეფასება. იქ არის რამდენიმე, ექვსი თუ შვიდი ინდიკატორი, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას განსაზღვრავს და, ზოგადად, კრიზისული სიტუაციის მართვას და მენეჯმენტს, იქ არის ხუთი-ექვსი კრიტერიუმი, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მათ შორის, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელთაც განიცადეს ზარალი და შევიწროება ამ პანდემიის გამო და გაუუარესდათ ცხოვრების პირობები, რას აკეთებს ქვეყანა იმისთვის, რომ როგორმე ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. ექვსი-შვიდი კრიტერიუმი არის სუფთა ჯანდაცვითი საკითხი, რომელიც მოიცავს ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს, პაციენტების მართვას, ვაქცინაციას და სხვა“, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, რეიტინგში საქართველოს ძალიან საპატიო ადგილი უკავია და ბევრად უკან იყვნენ განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები.

აღნიშნულ რეიტინგში, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია, ძალიან საპატიო, მე-10-მე-11 ადგილი და ჩვენზე წინ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან იყო მხოლოდ სამი ქვეყანა: გერმანია, ირლანდია და იტალია

როგორ შეიძლება, ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს და გამოთქვას საწინააღმდეგო აზრი, რომ „კი, 19 კრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში მეათეა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ ყველაფერი ჩამოიშალა“. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ძალიან სასიამოვნოა. მე ვულოცავ ამას ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელმძღვანელობას და ადამიანებს, პირველ რიგში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ კოვიდით, რომლებიც სერიოზულ სიძნელეებს განიცდიან. მათთვის მცირედი, მაგრამ მაინც გამხნევება იქნება ფაქტი, რომ ისინი მარტო არ არიან, მთელი მსოფლიო ასეთ დღეშია და მთელი მსოფლიო ბევრად უარეს დღეშია, ვიდრე ისინი“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში რეგისტრირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 247 805 შემთხვევა, გარდაცვლილია 2933 კოვიდინფიცირებული (1,18%), გამოჯანმრთელდა 232 993 პაციენტი (94%). გასულ 24 საათსი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 კოვიდპაციენტი. შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტები კეთდება და დადასტურებული ახალი შემთხვევების რიცხვი, კვირის სხვა დღეებთან შედარებით, დაბალია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close