ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ყოფილ წევრს, იტალიელ დეპუტატს ლუკა ვოლონტეს საერთაშორისო კორუფციისთვის მილანის სასმართლომ 11 იანვარს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააგენტო „ანსას“ ინფორმაციით, სასამართლომ ლუკა ვოლონტე დმნაშავედ ცნო ორი აზერბაიჯანელი კოლეგისგან ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის ქრთამის აღებაში 2013 წელს აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ (2012-2013 წლებში იტალიელი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარე იყო).
ბრალდების მტკიცებით, ვოლონტემ ქრთამის სახით 2,4 მლნ ევრო აიღო, თუმცა მხოლოდ ნახევარი მილიონი ევროს აღება დაუმტკიცეს.
თავად ლუკა ვოლონტე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
2016 წელს მილანის პროკურატურამ ვოლონტესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მას კორუფციაში ბრალი წაუყენა. სასამართლო პროცესი კი 2019 წლის ივნისში დაიწყო.
2017 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საკუთარი გამოძიება დაიწყო დეპუტატებს შორის კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით და ამ მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა.
2018 წლის 27 ივნისს პროცედურული წესების კომიტეტმა 14 დეპუტატს სამუდამოდ აუკრძალა ევროპის საბჭოს შენობაში შესვლა და მის ღონისძიებებზე დასწრება. სანქციები შეეხო ორ აზერბაიჯანელ დეპუტატს – მუსლიმ მამედოვს და ელხან სულეიმანოვს. სკანდალის დაწყების შემდეგ ისინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებებზე აღარ ჩადიოდნენ.
ლუკა ვოლონტე 1996-2013 წლებში იყო იტალიის პარლამენტის წევრი „ქრისტიან-დემოკრატებისა და ცენტრისტ დემოკრატთა კავშირიდან“. 2010-2013 წლებში იგი ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის „ქრისტიან-დემოკრატების“ ჯგუფს თავმჯდომარეობდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები