კინო/ფილმები

ლიკა ქავჟარაძის და გოგი ქავთარაძის „საახალწლო ტანდემი“ – „სათადარიგო ბორბალი“ (ვიდეო)

ალბათ ვერც კი იფიქრებდა რეჟისორი ამირან დარსაველიძე, რომ მისი პირველი დამოუკიდებელი სურათი „სათადარიგო ბორბალი“ (სცენარის ავტორი – რეზო გაბრიაძე) წლების განმავლობაში არ დაკარგავდა კინემატოგრაფიულ ხიბლს და ერთ-ერთ იმ ფილმად დარჩებოდა, მაყურებელს ყოველ ახალ წელს საახალწლო განწყობას რომ უმძაფრებს, მით უმეტეს, რომ ქართველი მაყურებელი ეროვნული საახალწლო ფილმებით განებივრებული ნამდვილად არ არის. ეს ფაქტი რამდენიმე წლის წინათ მოკლემეტრაჟიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმზე „სათადარიგო ბორბალი“ ბატონმა გოგი ქავთარაძემაც აღნიშნა ჩემთან საუბრისას: „მართლა გასაკვირია, ქართველებს როგორ არ უნდა გვქონდეს საახალწლო ფილმები? მხოლოდ ორიოდე ფილმზე გაჩერება არ გვეკადრება, თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება – რაღაცნაირად უნდა შეივსოს ეს დეფიციტი“.

nostal.ge გოგი ქავთარაძესთან საუბრის ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ.  

სად და როგორ იღებდნენ „სათადარიგო ბორბალს“

„როდესაც ფილმში გადასაღებად დამიძახეს და სიუჟეტი გამაცნეს, ჩავთვალე, რომ ეს იყო იმ თემის ერთგვარი გაგრძელება, რომელიც „ქორწილიდან“ და „თეთრი ქვებიდან“ მოდიოდა, რადგან „სათადარიგო ბორბლის“ გმირს ბევრი საერთო ჰქონდა ზემოაღნიშნული ფილმების გმირებთან: გულუბრყვილობა, იუმორი, უბრალო ადამიანის ბიოგრაფია და ასე შემდეგ. ამიტომ გადაღებებზე დავთანხმდი, მით უმეტეს, რომ ლიკა ქავჟარაძისთვის უნდა გამეწია პარტნიორობა… ლიკა ლამაზი გოგო იყო, სასიამოვნო გარეგნობის – საინტერესო იყო მასთან მუშაობა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც თავად გადავიღე ჩემი ფილმი – „ოქროს ობობა“, ლიკა ერთ-ერთ როლზე მივიწვიე…

„სათადარიგო ბორბალს“ ბორჯომში ვიღებდით. მახსოვს, არაჩვეულებრივად ლამაზი იყო დათოვლილი ბორჯომის ქუჩები, მით უმეტეს, რომ იმ წელიწადს დიდი თოვლი მოვიდა – გადამღებ ჯგუფს ძალიან გაუმართლა. გადაღებები, ძირითადად, ღამე გვქონდა. ჩვენს საყურებლად უამრავი ხალხი მოდიოდა, ავტოგრაფებს გვთხოვდნენ, თავისთან გვეპატიჟებოდნენ… გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ის პერიოდი საოცრად კარგ მოგონებად დამრჩა. ყველაზე სასაცილო იცით, რა არის? – მე მანქანის მართვა არ ვიცი, არადა, ფილმში არის ეპიზოდი, სადაც მანქანა კადრში უნდა „შევიყვანო“ და მერე უკან „გამოვიყვანო“.

საერთოდ, „სათადარიგო ბორბალი“ მანქანასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს, ვიცოდი თუ არა, მანქანის ტარება. მეც ვიფიქრე, ალბათ, ამ ეპიზოდს ისე გადაიღებენ, რომ მე არ გამოვჩნდები-მეთქი, მაგრამ უცებ დავდექი ფაქტის წინაშე. დამიწყეს სწავლება, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, რომ კადრში როგორმე შევსულიყავი. საკმაოდ დიდხანს მიხსნიდნენ… მას შემდეგ არცთუ ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მანქანის მართვა კიდევ ვერ ვისწავლე…

სხვათა შორის, ხუთ ფილმში  ვარ გადაღებული, ორ მათგანში მძღოლის როლს ვთამაშობ, დანარჩენებში აუცილებლად ვმართავ მანქანას. ერთ-ერთ რუსულ ფილმში უზარმაზარ სატვირთო მანქანას ვატარებ, – კაცის სიმაღლე (მაღლა აწეული ხელით) მარტო ბორბალი ჰქონდა… გაგიჟდა რეჟისორი, მანქანის მართვა არ ვიცი-მეთქი, რომ ვუთხარი. აქაც გამარკვიეს ბევრ რამეში და ფილმი გადავიღეთ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ სულ იმაზე იყო ლაპარაკი, მანქანის მართვა როგორ არ შემეძლო. ბუბა კიკაბიძე მეუბნება ხოლმე, მე მგონი, მარტო მე და შენ ვართ, ორი კაცი, რომლებმაც მანქანის მართვა არ ვიცითო. ვერც გაიგებს კაცი – რატომ? უბრალოდ, ასე მოხდა. მე სულ თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი, სამსახურის მანქანა და მძღოლი მემსახურებოდა… ოჯახშიც ჩემი ცოლი ზის მანქანის საჭესთან, მე – არა…

ახალი წელი ქუჩაში

ფილმში ჩემი გმირი ახალ წელს ქუჩას ხვდება, თქვენ წარმოიდგინეთ,  მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი – 1971 წელს შევხვდი გზაში, თანაც უცხოეთში. მაშინ ბათუმის თეატრის რეჟისორი ვიყავი. ბათუმი და ბულგარეთის ქალაქი ბლაგოევგრადი დამეგობრებული ქალაქები იყვნენ და მე სწორედ ამ ქალაქში ვიყავი ჩასული, სადაც სპექტაკლი უნდა დამედგა. ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა“ დავდგი. წინასაახალწლო დღეები იყო. მეგობრებმა მითხრეს, ახალ წელს სოფიაში შევხვდეთო. ბლაგოევგრადიდან სოფიამდე დაახლოებით იმხელა მანძილია, რამხელაც თბილისიდან გორამდე.

ოცდათერთმეტში საღამოს მანქანით წავედით სოფიაში, მაგრამ დრო კარგად ვერ განვსაზღვრეთ და ახალ წელს გზაში შევხვდით. მახსოვს, მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით, შამპანურები გავხსენით და ახალი წელი ისე მივულოცეთ ერთმანეთს. მერე უცნობებიც შემოგვიერთდნენ, – ისინი, ვისაც ჩვენსავით გზაში მოუწია ახალ წელთან შეხვედრა… ისე, ახალ წელს, ძირითადად, სახლში ვხვდები ხოლმე და მართალი გითხრათ, გარდა იმისა, რაც მოგიყევით, არ მახსოვს, ახალ წელს რაიმე განსაკუთრებული მომხდარიყოს. თუმცა, ცხადია, ყველა ახალი წელი თავისებურად ლამაზი და საზეიმოა…

მით უმეტეს, რომ ყოველ ახალ წელს ეკრანზე „სათადარიგო ბორბალს“ უჩვენებენ

იცით, მართლაც სასიამოვნო მომენტია, რადგან ფილმი ახალ წელთან არის დაკავშირებული, თანაც იცი, რომ ყველა უყურებს: ვისაც არ ახსოვხარ, ახალ წელს ისინიც გიხსენებენ, გირეკავენ, გილოცავენ…

არ გეკითხებიან, ფილმში ხელში ინდაური რომ გიჭირავთ, რა უყავიო?

(იცინის)… არაა!…

მაშინ მე გკითხავთ

რომ არ ვიცი?.. შეიძლება დაკლეს, ზუსტად ვერ გეტყვით, – ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია… აი, ახალ წელთან დაკავშირებით კი ვფიქრობ და მართლა გასაკვირია, ქართველებს როგორ არ უნდა გვქონდეს საახალწლო ფილმები? მხოლოდ  ორიოდ ფილმზე („სათადარიგო ბორბალი“, „კუჩხი ბედინერი“, „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“…) გაჩერება არ გვეკადრება, თუმცა ამის გამოსწრება შეიძლება – რაღაცნაირად უნდა შეივსოს ეს დეფიციტი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ…

მანმდე გვითხარით, როგორც რეჟისორს, რაიმე საახაწლო ტრადიცია თუ გაქვთ?

სხვათა შორის, მქონდა, ახლა აღარ მაქვს. მახსოვს, ერთხელ ბათუმში რაღაც საიუბილეო საღამო ჩატარდა. იქ მე „კიკვიძე“ ვითამაშე. სპექტაკლის პრემიერა პირველ იანვარს შედგა და მაყურებლის დიდი ოვაცია დაიმსახურა. მას შემდეგ სულ ვცდილობდი, რომ თუ საშუალება იყო, სპექტაკლი აუცილებლად პირველ იანვარს დამენიშნა, რათა დამბედებოდა და, თანაც ახალი წელი სიახლით დამეწყო.

თამარ ოთიაშვილი

p. s. წელს პირველი ახალი წელია (2021) გოგი ქავთარაძის გარეშე. ნეტავი „იქ“ თეატრი (და კინო) არის? ქართული თეატრის და კინოს ლეგენდარული ვარსკვლავები კი მრავლად არიან და ალბათ „იქიდან“ ლოცავენ საქართველოს.

ნახეთ ფილმი და კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close