მედიცინა

ისტორიული დღე – ევროკავშირში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო (ვიდეო)

გერმანიაში პირველს აცრა 101 წლის ქალს გაუკეთეს

ევროკავშირში ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა სიმბოლურად 27 დეკემბერს დაიწყო – ეს დღე ისტორიაში შევიდა, როგორც Vax Day (V-Day).

გერმანიაში პირველი, ვისაც ვაქცინა გაუკეთეს, 101 წლის ქალი იყო, რომელიც ქალაქ ჰალბერშტადტში (საქსონია-ანჰალტი) ცხოვრობს ხანდაზმულთა სახლში.

ოფიციალურად გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს (კვირას) დაიწყო, თუმცა პირველი აცრები შაბათს, 26 დეკემბერს გაკეთდა საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე.

პირველები აცრეს ჰალბერშტადტის კრუგერის ხანდაზმულთა ცენტრში მცხოვრები 40 ხანდაზმული და 10 თანამშრომელი.

რამდენიმე ათასი დოზა ვაქცინა გერმანიაში შაბათს, 26 დეკემბერს ჩაიტანეს.

პირველ რიგში, ცრიან 80 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს, აგრეთვე, მათ მომვლელ პერსონალს და განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალ მედიკოსებს.

პოლონეთშიც პირველები მედპერსონალი აცრეს. ვაქცინაცია შს სამინისტროს  ვარშავის ჰოსპიტალში ჩატარდა და პირველი ვაქცინა უფროს მედდას გაუკეთდა. შემდეგ აიცრა ჰოსპიტალის დირექტორი და რამდენიმე მედიკოსი. პოლონეთმა პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის 10 0000 დოზა მიიღო, რომელიც ქვეყნის 72 საავადმყოფოში განაწილდა. პირველი პარტიით აცრა 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია პოლონეთში, ისევე როგორც მთელ ევროკავშირში, უფასო და ნებაყოფლობითია.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი აიცრა. მან ეს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

როგორც დაანონსებული იყო, ვაქცინაცია იტალიაში რომის სპალანცანის საავადმყოფოდან დაიწყო 27 დეკემბრის დილიდანვე – „ფაიზერის“ ვაქცინა სამედიცინო მუშაკებს გაუკეთეს.

„ვაქცინაცია ძალიან კარგად ჩატარდა და ეს ამაღელვებელი ისტორიული მომენტი იყო“, – უთხრა 29 წლის მედდამ კლაუდია ალივერინიმ ტელეარხ RAINEWS24-ს.

გასულ ხუთშაბათს იტალია მსოფლიოს მერვე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა (ამ დროისთვის სულ აღრიცხულია 2 047 696 შემთხვევა), საიდანაც 71 925 პაციენტი გარდაიცვალა.

ვაქცინაცია იტალიაში მოქალაქეებისთვის უფასო და ნებაყოფლობითია, თუმცა ხელისუფლება დაბეჯითებით ურჩევს მათ, რომ აცრა ჩაიტარონ.

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყეს ევროკავშირის დანარჩენმა ქვეყნებმაც.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close