ეკონომიკასაქართველო

რა შემთხვევაში გაგინულდებათ სესხი – ეკონომისტის რჩევები

რა პრობლემებია ფინანსურ ბაზარზე, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა სესხის აღებისას და რამდენი ხნის აღებული ვალი ანულირდება? ამ კითხვებით „დაიჯესტმა“ ეკონომისტ შოთა გულბანს მიმართა.

რა შემთხვევაში ითვლება სესხი ხანდაზმულად?

ხანდახმულობის ვადის ათვლა იწყება ბოლო გადახდიდან. ეს თემა დიფერენცირებულია. არის 4, 6 და 8-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდი. გააჩნია სესხის მოცულობას, თუმცა 8 წელს ზემოთ ხანდაზმულობა აღარ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი 8 წლის განმავლობაში ამ ანგარიშზე არ უნდა იყოს შეტანილი არცერთი თეთრი, მხოლოდ ამის შემდეგ ანულირდება სესხი.

მაგრამ ადრე ონალინ სესხების დროს, იმისთვის რომ სესხი ხანდაზმული არ გამხდარიყო, თავად შეჰქონდათ ანგარიშზე თანხა, მათ ხომ აქვთ წვდომა თითოეული მოვალის პირად ნომერთან და მის ანგარიშთან, ამიტომ ამ ხრიკს მიმართავდნენ, სესხი ხანდაზმული რომ არ გამხდარიყო.

თუ მოვალეს არ აქვს შემოსავალი და/ან მის სახელზე არ ფიქსირდება ქონება, ამ შემთხვევაში ვალის ამოღების რა ბერკეტი აქვს მსესხებელს?

თუ მოვალეს არ ერიცხება ხელფასი, არ ფლობს ქონებას, ამ შემთხვევაში მსესხებელს არანაირი ბერკეტი არ აქვს, გარდა რაიმე სხვა გზით თანხის ამოღებისა.

წლების შემდეგ თუ დაუფიქსირდება შემოსავალი, ამ შემთხვევაში რა მოხდება?

წლების შემდეგ თუ მოვალეს დაუფიქსირდება შემოსავალი, მას აუცილებლად დაუყადაღდება როგორც ფინანსები, ისე შეძენილი ქონება. თუ მან გარკვეული კომუნიკაცია აწარმოა მოვალესთან, შესალოა მოლაპარაკების საფუძელზე შეთანხმდნენ და თავიდან აიცილოს ყადაღა.

როდესაც მესამე პირს, რომელიც არც თავდებია და არც ვალის აღებასთან აქვს რაიმე კავშირი, სესხის ამომღები კომპანია უკავშირდება, რამდენად კანონიერია ეს?

თუ ადამიანი არ არის თავდები, არავის არ აქვს არანაირი – არც კანონიერი და არც მორალური – უფლება, რომ ის ვინმემ შეაწუხოს. თავისუფლად შეუძლია მესამე პირს, კანონის ფარგლებში პასუხისგებით დაემუქროს ნებისმიერ ამომღებ კომპანიას და, აგრეთვე, მოსთხოვოს, რომ მას აღარ დაუკავშირდნენ.

რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა სესხის აღებისას და ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ?

ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა სესხის აღებისას გათვალოს რისკები, ყურადღებით გადახედოს ხელშეკრულებას.

ადრე, სანამ საფინანსო ბაზარს ეროვნული ბანკი დაარეგულირებდა, იყო პრობლემური კომპანიები „ონლაინსესხების“ სახით. ახლა თითქმის მოიხსნა ეგ პრობლემა, ბანკებს შეეზღუდათ სესხის გაცემა. არ აქვს შემოსავალი? – ვერ მიიღებს სესხს. ამით ამოიწურა ეგ პრობლემა. ახლა, ძირითადად, მთავარი პრობლემა, მაღალი საპროცენტო განაკვეთია. აგრეთვე, პრობლემად რჩება უცხოურ ვალუტაში სესხის აღების რისკები, როდესაც ეროვნული ვალუტა ეცემა, სესხი ავტომატურად ძვირდება. ამ მიმართულებით სჭირდება ყურადღება მოვალეს, რომელსაც განზრახული აქვს სესხის აღება. სხვა მხრივ თითქმის მოგვარებულია პრობლემები, რომელიც არსებობდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close