ჯანმრთელობარჩევები

როგორ ავარიდოთ ლოგინად ჩავარდნილ პაციენტს ნაწოლების წარმოქმნა

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ნაწოლები მაინც გაჩნდა

ნაწოლების გაჩენის მიზეზი სხეულის გარკვეულ ნაწილებში სისხლის ცუდი მიმოქცევაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც კანი ხანგრძლივ ზეწოლას განიცდის ან მუდმივად რაღაცაშია გახვეული. ამ დროს ის ზიანდება, რბილი ქსოვილები კვდომას იწყებენ და წყლული წარმოიქმნება.

ნაწოლების გაჩენის საშიშროება აქვს ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს, ფაქტობრივად, გაუნძრევლად ატარებს და დამოუკიდებლად გადაადგილება ან სხეულის მდებარეობის შეცვლა მარტივად არ შეუძლია. ამის ალბათობას სხვა ფაქტორებიც ზრდის: შარდისა და განავლის შეუკავებლობა, ცუდი კვება, სითხის ნაკლებობა, მგრძნობელობის დაკარგვა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა დაავადებები, რომლებიც სისხლის მიმოქცევაზე გავლენას ახდენენ.

ნაწოლებმა შეიძლება დისკომფორტი და ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. ზოგჯერ ამ პრობლემას ისინი სერიოზულ გართულებებამდე მიჰყავთ, როგორიც არის განგრენა, ძვლებისა და სახსრების ინფექცია, სეფსისი.

როგორ მივხვდე, რომ ნაწოლებმა წარმოქმნა დაიწყო?

ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანი ყოველდღიურად დაათვალიეროთ. განსაკუთრებით კი ის ადგილები, სადაც წყლულები ყველაზე ხშირად ჩნდება – კეფა, ყურები, მხრები, კუდუსუნი, დუნდულები, ბარძაყი, ტერფი, ქუსლები. უნდა ეძებოთ სიწითლე, რომელიც თითის დაჭერისას არ თეთრდება. სწორედ ეს არის ნაწოლების პირველი სტადიის მანიშნებელი. ხშირად ეს ადგილი, სხეულის სხვა მონაკვეთებთან შედარებით, ხდება უფრო მტკივნეული და თბილი ან ცივი და რბილი.

მეორე ეტაპზე ზედაპირული წყლულები ან ბუშტუკები ჩნდება, მე-3 და მე-4 სტადიაზე კი წარმოიქმნება ჭრილობები, რომლებიც კანის ღრმა ფენებში, კუნთებში ან ძვლებშიც კი აღწევენ. როგორც წესი, ნაწოლები ეტაპობრივად ჩნდება, მაგრამ ისინი შეიძლება რამდენიმე საათშიც ჩამოყალიბდეს.

როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? სპეციალური ლეიბი უნდა ვიყიდო?

სამწუხაროდ, ეს მარტივი არ არის. სპეციალური ლეიბები ნამდვილად უფრო შესაფერისია მათთვის, ვინც თითქმის სულ წევს. ასეთი მატრასი შეიძლება იყოს გელის, ქაფის, ჰაერის ან წყლის. მათი მთავარი დანიშნულებაა კანზე ზეწოლის შემსუბუქება. ნაწოლების საწინააღმდეგოდ ექიმები რეკომენდაციას უწევენ არა მხოლოდ სპეციალურ ლეიბებს, არამედ ფუნქციურ საწოლსაც (მათი თავისა და  ფეხის მიდამოები რეგულირდება), ასევე აქვთ სხვადასხვა დამხმარე საშუალება: ბალიში, საყრდენი და სხვ.

მაშასადამე, ეფექტიანი პროფილაქტიკური ზომები არ არსებობს?

რატომაც არა, არსებობს. ყველაზე მთავარია, რომ მას პოზა რეგულარულად შეაცვლევინოთ. თუ პაციენტი ლოგინად არის ჩავარდნილი ან ძირითად დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ატარებს, მაშინ მას ყოველ ორ საათში გადაბრუნება სჭირდება. თუ ადამიანი, ძირითადად, ზის და პოზის შეცვლა თავადაც შეუძლია, მაშინ უმჯობესია ეს ყოველ 15 წუთში ერთხელ გააკეთოს (ან საათში ერთხელ მაინც, თუ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება). ამ შემთხვევაში კანზე ზეწოლა სისხლის მიმოქცევას არ შეაფერხებს. რაც შეეხება სხეულის ოპტიმალურ მდებარეობას, ამის შესახებ უმჯობესია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.

სხეულის პოზის ხშირი ცვლა გასაგებია. ამის გარდა თუ არსებობს კანის მოვლის სპეციალური წესები, რომლებიც ნაწოლების გაჩენის რისკს ამცირებს?

დიახ, კანი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. ამავდროულად, უნდა აკონტროლოთ, რომ ის არც ძალიან ტენიანი იყოს და არც ძალიან გამომშრალი. ამიტომაც შხაპის ყოველდღე მიღება (ამან შეიძლება კანი კიდევ უფრო გამოაშროს) არ ღირს. ამავდროულად არ არის რეკომენდებული დასაბანი ღრუბლით კანის ძლიერი ზეწოლით გახეხვა, არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპონი და არც ტალკი. შხაპის მიღების შემდეგ შეგიძლიათ წაუსვათ სპეციალური დამატენიანებელი ან დამცავი კრემი. ხშირად გამოუცვალეთ თეთრეული და ტანსაცმელი. დარწმუნდით, რომ სამოსი საჭირო ზომის არის – ის არც უნდა აჭერდეს და არც ნაკეცებს იკეთებდეს. გარდა ამისა, ტანსაცმელს არ უნდა ჰქონდეს ღილები ან ნაკერები, რომლებსაც კანის გაღიზიანება შეუძლია.

როგორ მოვიქცე, თუ ნაწოლები მაინც წარმოიქმნა?

უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, რომელსაც შეუძლია კონკრეტული შემთხვევისთვის სწორი მიდგომა შემოგთავაზოთ. როგორც წესი, რეკომენდებულია სხეულის პოზის მუდმივი შეცვლა, სპეციალური ლეიბი და კანის მოვლა (რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ). გარდა ამისა, მკურნალობის კურსი შეიძლება მოიცავდეს წყლულებზე სახვევების გაკეთებას ან ანტიბიოტიკების მიღებას (ინფექციის დადასტურების შემთხვევაში). ბოლო სტადიაზე ხშირად საჭიროა ოპერაცია, რათა წყლულები გასუფთავდეს.

მეშინია, რომ ჭრილობები არ დაჩირქდეს. იქნებ ბრილიანტის მწვანე ხსნარი წავუსვა

არავითარ შემთხვევაში! ისეთი პოპულარული ანტისეპტიკები, როგორიც არის ბრილიანტის მწვანე ხსნარი, იოდი ან წყალბადის ზეჟანგი, მხოლოდ ჯანმრთელ ქსოვილებს აზიანებს – მათი გამოყენება ნაწოლის შემთხვევაში არ შეიძლება. წყლულების წარმოქმნის მე -2 ეტაპზე მხოლოდ სპეციალური სველი საფენებია საჭირო, მათი შეცვლისას კი შეგიძლიათ წყლული უბრალო წყლით ან მარილიანი (ფიზიოლოგიური) ხსნარით ჩამობანოთ. მე-3 და მე-4 სტადიაზე კი შეიძლება ნეკროზული ქსოვილების მოცილება გახდეს საჭირო და ინფექციის მკურნალობამ სპეციალური პრეპარატები მოითხოვოს.

წყლულების შეხორცებისთვის კვების რაციონსაც მნიშვნელობა  აქვს?

კვების დაბალანსებული რეჟიმი და რაციონი აუცილებელია. კალორიებით, ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ დიეტას შეხორცების პროცესის დაჩქარება შეუძლია. ასევე, მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება, რათა გაუწყლოვნება თავიდან აიცილოთ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close