fbpx
მედიცინამსოფლიო

პირველად მსოფლიოში – ბრიტანეთში ცდიან კოვიდ-19-ის წამალს მყისიერი იმუნიტეტისთვის

ბრიტანელი ექიმები ახალი წამლის კლინიკურ გამოცდას ატარებენ, რომელსაც შეუძლია ადამიანის ორგანიზმში დაუყოვნებლივ გამოიმუშაოს იმუნიტეტი და  კორონავირუსით გამოწვეული დაავადების – Covid-19-ის განვითარება შეაჩეროს. ცდაში 10 ადამიანი მონაწილეობს, რომლებსაც კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებთან 8 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. იგეგმება 1000 მოხალისეზე გამოცდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ანტისხეულებზე დამყარებული ამგვარი თერაპია უზრუნველყოფს იმუნიტეტის დაუყოვნებლივ გამომუშავებას ორგანიზმის მიერ და კოვიდ-19-ის განვითარებას აჩერებს. შესაძლებელია მისი დანიშვნა გადაუდებელი თერაპიის სახით ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის ან რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის.

მონოკლონური (ანუ ერთი და იმავე უჯრედისგან წარმოქმნილი) ანტისხეულებით თერაპიის მიზანია კორონავირუსის დაუყოვნებლივ განეიტრალება.

პრეპარატი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა და შვედურ-ბრიტანულმა კომპანია AstraZeneca-მ შეიმუშავეს. მეცნიერთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ კვლევა კარგ შედეგს აჩვენებს და ანტისხეულების კოქტეილი ადამიანებს კორონავირუსისგან 6-12 თვის განმავლობაში დაიცავს.

დაუყოვნებლივ დაცვას, რომელსაც ახალი პრეპარატი უზრუნველყოფს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ვირუსის ზემოქმედების შესუსტებაში, სანამ მოსახლეობა მასობრივად აიცრება.

როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ვირუსოლოგი ქეთრინ ჰოულიჰანი აღნიშნავს, მონოკლონური ანტისხეულებით თერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმი უცხო ანტისხეულებს იღებს და „უკვე აღარ სჭირდება მათი დამოუკიდებლად გამომუშავება“.

„ვიცით, რომ ანტისხეულების ამ კომბინაციას შეუძლია ვირუსის ნეიტრალიზება, ამიტომ იმედი გვაქვს, დავამტკიცებთ, რომ ამ მედიკამენტის მიღება დაუყოვნებლივ დაიცავს Covid-19-ისგან იმ ადამიანებს, რომლებიც დაავადებულებთან კონტაქტში აღმოჩნდნენ და მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება უკვე გვიანია“.

მისი თქმით, ამგვარი თერაპია უკვე წარმატებით გამოიყენება იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც სხვა ვირუსებით დაავადების რეალური რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, მაგ., როგორიცაა ცოფი ან ჩუტყვავილა – ორსულებში.

ამასთან, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოებში ამოწმებენ,  შესაძლებელია თუ არა, ანტისხეულებით თერაპია ჩვეულებრივი აცრის ანალოგი იყოს ანუ ორგანიზმი დაცვით უზრუნველყოს მანამ, სანაც ის ვირუსს შეეჯახება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად დამტკიცებული „ფაიზერის“ ვაქცინა 2 დოზად კეთდება, 3 კვირის შუალედით და იმუნიტეტს ორგანიზმი მეორე დოზის მიღებიდან 7-10 დღეში გამოიმუშავებს. 2 დოზად კეთდება „ოქსფორდის ვაქცინაც“, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის – მეორე დოზა პირველის გაკეთებიდან 28-ე დღეს შეყავთ ორგანიზმში და იმუნიტეტი მთლიანი პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გამომუშავდება.

ქეთრინ ჰიოულიჰანი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ანტისხეულებით თერაპია პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტაა ქრონიკული დაავადებებით მქონე ადამიანებისთვის, სანამ ისინი ჩვეულებრივ აცრას ჩაიტარებენ, თუმცა აბობს, რომ ეს მეთოდი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც აცრის ალტერნატივა, ამასთან, მისი ღირებულება გაცილებით მაღალია: თითოეული დოზა, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ფუნტი ეღირება.

ანტისხეულებით თერაპიის ექსპერიმენტი აშშ-ის რმდენიმე ქალაქში, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის 4 საავადმყოფოში ჩატარდება, თუმცა მოხალისეებს ჯერ მხოლოდ ლონდონში ეძებენ.

მოსალოდნელია, რომ ორი ტიპის კლინიკური ექსპერიმენტის (მოხალისეებში, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონიათ და მოხალისეებში, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ) შედეგები გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close