ქირურგებს საკუთარ დაბადების დღეს ჩატარებული ოპერაციის დროს მეტი პაციენტი ეღუპებათ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში, ჰარვარდისა და დევიდ გეფენის სახელობის სამედიცინო სკოლებში მომუშავე მეცნიერებისა და მათი იაპონელი კოლეგების ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ქირურგის დაბადების დღეს ჩატარებული ოპერაციის დროს პაციენტის დაღუპვის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დღეებში. ნაშრომი გამოცემა British Medical Journal გამოქვეყნდა.
მეცნიერები აშშ-ის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 30 დღის განმავლობაში 47 ათასზე მეტი ქირურგის მიერ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის გაკეთებულ 980 ათას ისეთ გადაუდებელ ოპერაციას დააკვირდნენ, როგორიცაა აპენდექტომია, ორგანოების რეზექცია და სხვა. აღმოჩნდა, რომ ამ პროცედურებიდან 2 064 მედიკოსებმა სწორედ საკუთარ დაბადების დღეს ჩაატარეს, რა დროსაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6.9 პროცენტი იყო, რაც სხვა დღეებში დაფიქსირებულ შედეგს (5.6%) 23 პროცენტით აღემატება.
კვლევის შედეგებზე გაუთვალისწინებელი ფაქტორების გავლენის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტებმა სათვალავიდან ამოიღეს ის ქირურგები, რომლებიც პაციენტის დაღუპვის მაღალი რისკით გამორჩეულ, განსაკუთრებით რთულ ოპერაციებს აკეთებენ, უკიდურესად გადატვირთული გრაფიკი აქვთ ან მრგვალ თარიღს აღნიშნავენ. გამორიცხეს ისინიც, ვისი იუბილეც პარასკევს ემთხვეოდა, რაც სამუშაო დღის შემდეგ სავარაუდო წვეულებას გულისხმობდა. ნაშრომის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამის გარეშე, დაბადების დღეებსა და სხვა დროს ჩატარებული ოპერაციების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელთა სხვაობა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა
დაბადების დღეს ჩატარებული ოპერაციების დროსსიკვდილიანობის ზრდის მიზეზების გამოვლენაზე მეცნიერებს კვლევისას ყურადღება არ გაუმახვილებიათ, თუმცა მათ ამის რამდენიმე შესაძლო ახსნა შემოგვთავაზეს. მაგალითად: ქირურგები შეიძლება ჩქარობდნენ ოპერაციის დასრულებას, რადგან მათ წვეულებაზე ელოდებიან; მათ ყურადღებას ფანტავს კოლეგების მილოცვები, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მესიჯები და ზარები; ამის გარდა, ისინი იშვიათად ბრუნდებიან საავადმყოფოში პაციენტის მოსანახულებლად ამ უკანასკნელის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, რადგან ამ დროს ახლობლებთან ერთად ზეიმობენ, საქმის მნიშვნელოვან ნაწილს ანდობენ პრაქტიკანტებს და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს პასუხისმგებლობის აღებას თავად ექიმებიც გაურბიან. მკვლევართა აზრით, ქირურგები მეტ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას საჭიროებენ, რაც მათი მუშაობის ხარისხზეც დადებითად აისახება.
popx.ge
კომენტარები