პოლიტიკასაქართველო

სერგეი შამბა: როდესაც კონფლიქტია, საჭიროა საუბარი – ომი უკანასკნელი არგუმენტია

საქართველოსთან ბევრ საკითხზე შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა, გარდა ჩვენი საზოგადოების ძირეული ინტერესისა, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.

„საქართველოშიც არიან დიალოგის მომხრეები და ისინი, ვინც დიალოგს ეწინააღმდეგებიან. ცხადია, რომ ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენს ძირეულ ინტერესებზე. ცხადია, რომ ქართველებიც უარს არ იტყვიან თავიანთ ძირეულ ინტერესებზე. ამ უკიდურესობებს შორის ყოველთვის არსებობს საკითხები, სადაც კომპრომისის პოვნა შეიძლება. მივიჩნევ, რომ ბევრ საკითხზე შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა, გარდა ჩვენი საზოგადოების ძირეული ინტერესისა, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია. დანარჩენი საკითხები კი ის თემაა, რაზეც საუბარი შესაძლებელია“, – აღნიშნა სერგეი შამბამ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ასევე შეეხო ყარაბაღის ომის თემას და აღნიშნა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფო, თურქეთი უკვე სამხრეთ კავკასიაშია.

„ჩვენ მოვისმინეთ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაჟღერებული ინიციატივები ისეთი ფორმატის შექმნაზე, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები მიიღებენ მონაწილეობას. რატომ არ ვცადოთ ამ ფორმატში მონაწილეობა? ჩვენ ამ რეგიონში ვიმყოფებით და საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი გვაქვს. აფხაზურ მხარეს, აფხაზურ სახელმწიფოს საკუთარი ღია დიპლომატია უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც საფრთხე და კონფლიქტი არსებობს, სახელმწიფომ დიპლომატია არ უნდა უგულებელყოს.

„საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი გვაქვს, რომელიც ასევე პოტენციურად დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში. ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ როდესაც კონფლიქტია, საჭიროა საუბარი. ომი უკანასკნელი არგუმენტია“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close