fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

„მონა ლიზას“ დამცავი მინის გარეშე სანახავად აუქციონზე 80 000 ევრო გადაიხადეს

კრისტის აუქციონის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუვრში გამოფენილი ლეონარდო და ვინჩის ნახატის, „მონა ლიზას“ ახლო მანძილიდან სანახავად 80 ათასი ევრო გადაიხადა, რაც ლოტის ნავარაუდებ მინიმალურ ღირებულებას 8-ჯერ აღემატება. მყიდველი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე მსოფლიოში უდიდეს და ყველაზე ხშირად მონახულებად მუზეუმში აღორძინების ეპოქის იტალიელი მხატვრის მიერ მე-16 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ხელოვნების ნიმუშის ყოველგვარი ბარიერისა და ტყვიაგაუმტარი მინის გარეშე დათვალიერებას შეძლებს.

ონლაინ აუქციონის გამარჯვებული, მის მიერ შერჩეულ თანმხლებ პირთან ერთად, ყოველწლიურ სპეციალურ პროცედურას დაესწრება, რომლის დროსაც ნახატის მდგომარეობა მოწმდება. მუზეუმში ვიზიტისას მათ ასევე ლუვრის დიდ გალერეაში გამოფენილი აღორძინების ეპოქის სხვა ოსტატების, მათ შორის, რაფაელისა და კარავაჯოს ნამუშევრების დათვალიერების შანსი მიეცემათ. იღბლიან მყიდველს ამ იშვიათი შესაძლებლობის გამოსაყენებლად 2 წლის ვადა ექნება.

დამთვალიერებლებს ლუვრის მუზეუმში გამოფენილ „მონა ლიზასთან” 4,5 მეტრზე მეტად მიახლოება ეკრძალებათ. ფოტო: National Geographic

ზემოაღნიშნულის გარდა, აუქციონზე სხვა მსგავსი შეთავაზებებიც იყო წარმოდგენილი. მათ შორის, პერსონალური ტური მუზეუმში დაწესებულების დირექტორის, ჟან-ლუკ მარტინესის თანხლებით და ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება ღამით, ჩირაღდნების შუქზე. ორივე ამ ლოტში გამარჯვებულებმა 38 ათასი ევრო გადაიხადეს, ლუვრში მდებარე კარიატიდების დარბაზში დახურულ კონცერტზე დასწრება კი მყიდველს 42 ათასი ევრო დაუჯდა.

ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ სანახავად ლუვრს დღეში 30 ათასამდე ადამიანი სტუმრობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისას ამოქმედებული შეზღუდვების გამო, სხვა საჯარო დაწესებულებების მსგავსად, ფუნქციონირება მუზეუმმაც შეწყვიტა, რამაც მას საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა. მიმდინარე წლის მარტში დახურვის შემდეგ, ოთხ თვეში ლუვრმა 50 მილიონი აშშ დოლარი შემოსავალი დაკარგა. ორიგინალური ინიციატივა მუზეუმის ადმინისტრაციამ სწორედ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად შეიმუშავა. გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონიდან შემოსული თანხა მუზეუმში ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას მოხმარდება.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close