19 დეკემბრიდან 6 იანვრამდე გადაადგილება დასახლებულ პუნქტებს შორის იტალიის ჩრდილოეთ რეგიონ ვენეტოში (დედაქალაქი – ვენეცია) აკრძალული იქნება. ამის შესახებ 17 დეკემბერს რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ განაცხადა.
ვენეტოს პრეზიდენტის მიერ მიღებული დადგენილების მიზანი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაა. 19 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში რეგიონში დასახლებული პუნქტების საზღვრები ყოველდღიურად 14:00 საათიდან მეორე დღის დილამდე ჩაიკეტება. ამასთან, ეკონომიკური საქმიანობა არ შეჩერდება.
საშობაო დღესასწაულების პერიოდში შეზღუდვების შემოღება „გარდაუვალი ნაბიჯია“, თუ იტალიას კორონავირუსის „მესამე ტალღის“ თავიდან აცილება უნდა, – განაცხადეს ხუთშაბათს საექსპერტო საბჭო Cimbe-ს ხელმძღვანელებმა.
ბოლო თვეში კოვიდ-19-ისგან იტალიაში 20 ათასი ინფიცირებული გარდაიცვალა (შეგახსენებთ, რომ იტალია კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა – ინფექციამ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 67 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა – ნ. ხ.), ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება, საავადმყოფოები დატვირთულია – არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ დღესასწაულებისთვის შეზღუდვები შევამსუბუქოთ, – დარწმუნებით აცხადებენ ექსპერტები.
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 3 დეკემბრის დეკრეტით მთავრობამ შემოიღო რეგიონებს შორის გადადგილების აკრძალვა 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში, აგრეთვე, მოქალაქეებს აეკრძალათ იმ დასახლებული პუნქტების დატოვება, სადაც იმყოფებიან შობას (25 და 26 დეკემბერს) და ახალ წელს (31 დეკემბერს და პირველ იანვარს). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ძირითად საცხოვრებელ პუნქტში, საკუთარ სახლში ბრუნდებიან.
მთავრობის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ეს იქნება „წითელი შობა“ (Natale rosso) იტალიისთვის. მინისტრთა საბჭოს სხდომა პარასკევს, 18 დეკემბერს, 18:00 საათზე გაიმართება. მინისტრები იმსჯელებენ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დამატებით შემზღუდავ ზომებზე დღესასწაულების პერიოდში.
ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტის, ატილიო ფონტანას განცხადებით, ლომბარდიაში, ვენეტოსგან განსხვავებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ შობის დღესასწაულებზე დამატებითი შეზღუდვები არ შემოიღონ. მან გამორიცხა რეგიონში ავტონომიური დამატებითი ზომები.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შემოწმებას გააძლიერებს. გამოსასვლელ დღეებში გზებსა და ავტომაგისტრალებზე დაგეგმილია სპეციალური ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავმოყრა სადგურებზე, პორტებსა და აეროპორტებში.
ამ საკითხებზე იყო საუბარი საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც შს მინისტრი ლუჩანა ლამორჯეზე ხელმძღვანელობდა. ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით მიზანმიმართული საკონტროლო ღონისძიებები შეეხება საზოგადოებრივ და გასართობ დაწესებულებებს, აგრეთვე, იმ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივ ახალგაზრდები იკრიბებიან, – აცხადებენ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას: იტალიაში 17 დეკემბრის საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 18 236 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (ჩატარდა 185 320 ტესტი, ინფიცირება დადგინდა 9,8%-ში). მთლიანობაში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 906 377 შემთხვევაა დადასტურებული ლაბორატორიულად. კოვიდ-19-ით გასულ ერთ დღეში კიდევ 683 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 67 220-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1 203 814 პაციენტი. იტალიელი სპეციალისტები გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს ქვეყნის მოსახლეობაში ხანდაზმული ადამიანების დიდ წილს უკავშირებენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები