სამზარეულოიტალია

რომელი საშობაო პანეტონე ჯობია და რის მიხედვით უნდა ავირჩიოთ საუკეთესო?

ასოციაცია Altroconsumo-ს დასკვნით, ხარისხით კერძო ფირმების ნაწარმი უკეთესია

იტალიის მომხარებელთა ასოციაცია Altroconsumo-მ წინასაშობაოდ გამოაქვეყნა რეიტინგი, თუ რომელიც ფირმის საშობაო კულიჩი (panettone) უფრო ხარისხიანია და, აგრეთვე, მარტივი რჩევები, როგორ უნდა გაარკვიოთ პანეტონეს ავკარგიანობა. ინფორმაციას „კორიერე დელა სერა“ ავრცელებს

თუ არ შეგიძლიათ, რომ ტრადიციული იტალიური საშობაო კულიჩი – panetone საკონდიტროში შეუკვეთოთ და ამჯობინებთ სუპერმარკეტში იყიდოთ, მაშინ ნამდვილი დილემის წინაშე დგახართ: ცნობილი ბრენდის პროდუქცია აირჩიოთ თუ სუპერმარკეტის კერძო მარკის ნაწარმი? იტალიის მომხმარებელთა ასოციაციის ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ უპირატესობა კერძო სამარკო ნიშნით წარმოებულ პროდუქტს უნდა მიანიჭოთ, რადგან მათი ნაწარმი ცნობილი ბრედების კულიჩზე უკეთესია.

ასოციაცია ხარისხის 12 კრიტერიუმის ანალიზის საფუძველზე პირველობას Esselunga-ს პანეტონეს – Le Grazie-ს ანიჭებს, რომლის ფასი 3,69 ევროა. Le Grazie-მ მიიღო შეფასება 73/100, რაც ჩინებულ ხარისხზე მიუთითებს.

მეორე ადგილს ასოციაცია ასევე კერძო ბრენდს ანიჭებს – ეს არის Coop-ი, რომლის პანეტონე Fior Fiore-მ ასევე მაღალი შეფასება მიიღო – 72/100, თუმცა მისი ფასი შედარებით მაღალია – 8,96 ევრო.

როგორც აღმოჩნდა, დიდი საწარმოები უმეტეს შემთხვევაში კერძო ბრენდების საშობაო კულიჩებსაც ამზადებენ, ამის გასაგებად საკმარისია, კერძო სავაჭრო მარკის ნიშნით გამოტანილი პანეტონეს შეფუთვაზე მისამართი შეამოწმოთ. მაგალითად, Le Grazie ფოსანოში მზადდება, კუნეოს პროვინციაში, ვია ბრაზე განთავსებულ ფაბრიკაში; ამავე მისამართზეა განთავსებული Maina-ს წარმოება. Coop-ის Fior Fiore-ს შეფუთვასაც იგივე მისამართი აწერია. გამოდის, რომ იტალიის მომხმარებელთა ასოციაციის მიერ საუკეთესოდ აღიარებული პირველი ორი პანეტონე ერთსა და იმავე საწარმოში მზადდება.

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ხარისხიანი პანეტონე?

რეიტინგს რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევიძინეთ? ამის გასარკვევად Altroconsumo რამდენიმე მითითებას იძლევა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით: მაგალითად, ფორმა უნდა იყოს სოკოს მსგავსი და ქაღალდის შეფუთვიდან კულიჩის „თავი“ სოკოს ქუდივით ზემოთ უნდა ამოდიოდეს; აგრეთვე, მნიშვნელოვანია ცომის ფორების ზომები – ისინი უნდა იყოს დიდი და თან არაერთგვაროვანი. უნდა მიაქციოთ ყურადღება ქერქსაც – ქერქი უნდა იყოს სქელი და ერთი ფერის; მნიშვნელოვანია პანეტონის თავზე ჯვრის მსგავსი ნაჭდევის არსებობაც.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ! 

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close