ისააკ ნიუტონი აპოკალიფსის თეორიას იკვლევდა – რას გვიყვება მეცნიერის ნაწილობრივ დამწვარი ჩანაწერები
სერ ისააკ ნიუტონი, აღიარებული ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი შეიძლება ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მეცნიერია, მაგრამ მის მიერ წარმოებული ფართო სპექტრის კვლევები ნიუტონს კიდევ ერთ უცნაურ ადგილას აყენებს, რომელიც დღევანდელი მეცნიერებისგან საკმაოდ შორსაა.
დიდი ოდენობით აკადემიურ მემკვიდრეობასთან, მრავალ ფრაგმენტსა და გამოუქვეყნებელ ჩანაწერებთან ერთად, რომელთაგან დიდი ნაწილი მისი სიკვდილის (1727 წ.) შემდეგ აღმოაჩინეს, შემორჩენილია ისეთებიც, რომლებიც მის ძლიერ და აკვიატებულ ინტერესზე მიუთითებს ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა: ოკულტიზმი, ალქიმია და ბიბლიური აპოკალიფსის თეორია.
ეს მისტიკური სწავლებები, რომელთაგან მრავალი ნიუტონის დროს ერეტიკულ აზროვნებად მიიჩნეოდა, ჩაწერილია ფრაგმენტირებულ ხელნაწერებში, რომლებიც დღეს სოთბის აუქციონზეა გატანილი.
ტექსტები არასრულია, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, რადგან როგორც ცნობილია, ხელნაწერები ნიუტონის ძაღლის, „დაიმონდის“ მიერ შემთხვევით წაქცეული სანთლისგან გაჩენილ ხანძარში ნაწილობრივ დაიწვა.
უცნობია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ისტორია, მაგრამ ნაწილობრივ დამწვარი ფურცლები ნიუტონის ნაკლებად ცნობილ კვლევებს ეკუთვნის, რომლებიც ახლა აშკარად ფსევდომეცნიერებად აღიარებულ ბუნდოვან თეორიებს ეხება.
ნიუტონი ფურცლებზე წერს ძველი ეგვიპტის ხეოფსის პირამიდის შესახებ და, მისი აზრით, ის ძველეგვიპტური საზომის, ე. წ. სამეფო იდაყვის გამოყენებით აშენდა.
ნიუტონი ფიქრობდა, რომ სამეფო იდაყვის რაოდენობრივი შეფასებით შეძლებდა დაეხვეწა საკუთარი თეორიები გრავიტაციის შესახებ და ამით დედამიწის გარშემოწერილობას უპრეცედენტოდ ზუსტად გაზომავდა; ამავე დროს, ახსნიდა სხვა ბუნდოვან და „წმინდა“ გეომეტრიულ ხედვებს, რითაც საბოლოოდ იწინასწარმეტყველებდა, როდის დასრულდებოდა სამყარო, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი.
„ის გრავიტაციის შესახებ საკუთარი თეორიის მტკიცებულების პოვნას ცდილობდა და ამას როგორღაც უკავშირებდა თავის რწმენას იმის შესახებ, რომ ძველეგვიპტელები ალქიმიის საიდუმლოს ფლობდნენ, რომელიც შემდეგ დაიკარგა. დღეს ეს კვლევის სხვადასხვა საკითხებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ იყო ნიუტონის დროს, მე-17 საუკუნეში“, — ამბობს „სოთბის“ ხელნაწერების სპეციალისტი გაბრიელ ჰიტონი.
ნიუტონი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, ვისაც ასეთი იდეები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პირამიდოლოგია დღეს სერიზულ მეცნიერებას მიღმაა – რაც, სულ მცირე, იმაზეა დამოკიდებული, სად ეძებთ ინტერნეტში – ერთ დროს ის მსოფლიოს უდიდეს მეცნიერთა ყურადღებას იქცევდა.
„ეს ჩანაწერები მიეკუთვნება ნიუტონის ერთმანეთთან დაკავშირებული კვლევების წარმოუდგენლად კომპლექსურ ქსელს – ბუნების ფილოსოფიას, ალქიმიას, თეოლოგიას, მაგრამ მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი მიაჩნდა მეცნიერს გამოქვეყნებისთვის შესაფერისად“, – წერია „სოთბის“ აუქციონის განმარტებაში.
„სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას არაფერი გამოუქვეყნებია ალქიმიაზე, რადგან ამ მიმართულების კვლევებისთვის გასაიდუმლოება ფრიად ჩვეული რამ იყო; ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ნიუტონის საღვთისმეტყველო რწმენები საჯარო გახდებოდა, მას ეს, სულ მცირე, კარიერად დაუჯდებოდა“, – წერს აუქციონი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
კომენტარები