ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს Netflix-ის სერიალში „დედოფლის გამბიტი“ (The Queen’s Gambit) უწოდეს ჩემპიონი, „რომელსაც კაც მოჭადრაკეებთან არასდროს უთამაშია“. „ბიბისის“ რუსული გამოცემის კორესპონდენტთან ვრცელ ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებითაც საუბრობს. აქვე მკითხველს შევახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი პირველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის (გროსმაისტერი) ტიტული მიიღო მამაკაცთა შორის (1977 წ.)
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:
ბიბისი: დეტექტივები და მძაფრსიუჟეტიანი სერიალები გიყვართ, „დედოფლის გამბიტი“ უკვე ნახეთ?
ნონა გაფრინდაშვილი: არა, ვერ მოვახერხე, მაგრამ დღე არ გადის, რომ რამდენიმე ზარს არ ვუპასუხო სხვადასხვა ქვეყნიდან, ადგილობრივი ტელევიზიებიდან. თითქოს ისევ ახალგაზრდა ვარ, ჩემპიონი გავხდი და ჩემით დაინტერესდნენ.
„ბიბისი“: თქვენ ასე წარგადგენენ [სერიალში]: „ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის, რომელსაც მამაკაცების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია“. ეს ხომ ასე არ არის?
ნონა გაფრინდაშვილი: ეს სიმართლე არ არის, რა თქმა უნდა. როგორც კი მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მაშინვე დავიწყე მონაწილეობა კაცთა ტურნირებში. წარმატებას რომც მიაღწიოთ, საჭიროა, რომ ორგანიზატორებმა მიგიწვიონ. როგორც კი ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, მაშინვე მიმიწვიეს ჰასტინგსში (საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ჰასტინგსში – „ბიბისის“ შენიშვნა). და იქიდან დაიწყო… უამრავი მოწვევა მქონდა. უბრალოდ, არ შემეძლო ყველგან თამაში – სხვადასხვა მიზეზის გამო.
„ბიბისი“: რა ემოციებს იწვევს თქვენში ეს უზუსტობა ფილმში, გული დაგწყდათ?
ნ. გ.: რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, როდესაც ჭადრაკზე იღებენ ფილმს და, მით უმეტეს, მსოფლიო ჩემპიონზე საუბრობენ, სიზუსტე უნდა იყოს.
„ბიბისი“: ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ერთდროულად 28 მამაკაცს ეთამაშებით. გახსოვთ ეს ტურნირი?
ნ. გ.: ეს ტურნირი არ არის, ეს სეანსებია: ახლა აღარ მახსოვს, სად იყო. ერთხელ 38 ადამიანს ვეთამაშე ერთდროულად. ეს საქართველოში მოხდა. ვხედავ – 38 ახალგაზრდა ადამიანი ზის, ვამბობ: „რა ხდება?!“ 38! წარმოიდგინეთ, რამდენი კილომეტრი უნდა გაიარო! მაგრამ რა უნდა მექნა?! ხომ ვერ ვიტყოდი: „ადექით, არ მინდა თქვენთან თამაში!“ მაგრამ არ გამჭირვებია, სწრაფად დავიწყე მოგება და დაფების გათავისუფლება.
ნორმალურია 20 დაფაზე ერთდროულად თამაში, ხოლო თუ კლუბის სერიოზულ წევრებთან თამაშობ, მაშინ – 18 ადამიანამდე. მამაკაცი ჩემპიონებიც ასე იქცეოდნენ – 18 დაფაზე თამაშს თანხმდებოდნენ, როდესაც ძლიერ მოჭადრაკეებთან უწევდათ დაპირისპირება.
ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ აქ: bbc.com
კომენტარები