მედიცინამსოფლიო

მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი აცრა დაიწყეს

ჯერჯერობით ვაქცინა ხელმისაწვდომია სამედიცინო და საგანმანათლებლო, აგრეთვე, საქალაქო სოციალური ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის

მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი აცრა დაიწყეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება.

რისკ- ჯგუფების წარმომადგენლებს უკვე გაეგზავნათ sms-შეტყობინებები აცრის შესაძლებლობის შესახებ. აცრები ქალაქის 70 პოლიკლინიკის ბაზაზე ჩატარდება და ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების (საკუთრების ფორმის მიუხედავად) ყველა თანამშრომლისთვის, აგრეთვე, საქალაქო სოციალური ორგანიზაციებისთვის.

მოსკოვის მაცხოვრებლები აცრისთვის წინასწარ უნდა ჩაეწერონ  პორტალზე mos.ru.  პორტალი 2 კვირით ადრე გაიხსნა. კაბინეტები, სადაც აცრები ჩატარდება, ყოველდღე იმუშავებენ, 08:00-იდან 20:00 საათამდე.

კორონავირუსის აცრის გაკეთება შეუძლიათ 18-იდან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, არ ჰქონიათ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აცრამდე 2 კვირის განმავლობაში და აცრის მომენტში, გრიპის აცრის შემდეგ გასულია 30 დღე; აცრა არ გაუკეთდებათ ორსულ ქალებს და მეძუძურ დედებს. 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს ამ ეტაპზე არ აცრიან.

მოსკოვის მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, აცრის გაკეთების სურვილით რეგისტრირებულ პირთა რიცხვმა პირველ ხუთ საათში ხუთი ათასს მიაღწია.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 5 დეკემბერს დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინა “Спутник V”-ს ზღვრული გასაყიდი ფასი – 1942 რუბლი (26.20 დოლარი) 2 კომპონენტისთვის. რუსეთის მოქალაქეებისთვის აცრა უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

რუსული ვაქცინა Спутник V, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიქმნა, რეგისტრაციაში 11 აგვიტოს გატარდა, როდესაც მას კლინიკური გამოცდის მხოლოდ ორი ფაზა ჰქონდა გავლილი ანუ მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე გამოცადეს. შემდგომ, მესამე ფაზის გავლისას გამოცხადდა, რომ ვაქცინის ეფექტიანობამ 95 პროცენტს გადააჭარბა. ვაქცინის დამოუკიდებელი შეფასება არ ჩატარებულა.

ახალი კორონავირუსის ვაქცინის, Sputnik-V-ს ერთ-ერთმა შემქმნელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინდური ფარმაცევტული კომპანია „ჰეტერო“ აპირებს, რუსული ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზა აწარმოოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close