ხვალ, 6 დეკემბერს ათენის მეტროს ექვსი სადგური დაიკეტება
ხვალ, 6 დეკემბერს 12 წელი სრულდება პოლიციელის მიერ არასრულწლოვნის, გრიგორის ალექსოპულოსის მკვლელობიდან.
ამ დღეს ყოველწლიურად საპროტესტო აქციები იმართება, რომლებიც ხშირად პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკებით სრულდება. ამჟამად ეპიდემიასთან დაკავშირებით მასობრივი შეკრებები აკრძალულია, მიუხედავად ამისა, ათენში კვლავ საპროტესტო გამოსვლებს ელოდებიან.
დედაქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კვირას, 6 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება ათენის ცენტრში განლაგებული შემდეგი მეტროსადგურები: ომონია, პანეპისტიმიო, სინდაღმა, აკროპოლი, მონასტირაკი და ვიქტორია. შემადგენლობები აღნიშნულ სადგურებში არ გაჩერდებიან.
15 წლის მოზარდი ალექსის გრიგოროპულოსი პოლიციელს შეკამათების დროს შემოაკვდა. შემთხვევა 2008 წლის 6 დეკემბერს მოხდა ექსარხიის რაიონში, ძაველის ქუჩაზე, რომელიც დღეს გრიგოროპულოსის ქუჩაა. მაშინ საპროტესტო გამოსვლებმა მთელი საბერძნეთი მოიცვა და აქციებს დიდი მატერიალური ზარალი მოჰყვა.
იმ პერიოდში საბერძნეთის შს მინისტრი იყო პროკოფის პავლოპულოსი (იგი მოგვიანებით, 2015 წლის 13 მარტს საბერძნეთის პრეზიდენტი გახდა და ამ პოსტს 2020 წლის 13 მრტამდე იკავებდა), რომელმაც გადადგომის შესახებ თხოვნით მიმართა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, თუმცა კოსტას კარამანლისმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები