საპროტესტო აქცია ათენში პოლიციელის მიერ 15 წლის მოზარდის მკვლელობის 10 წლისთავზე

15 წლის მოზარდის, ალექსის გრიგოროპულოსის მკვლელობის 10 წლისთავზე, დღეს ათენის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორატის შენობის წინ ახალგაზრდების აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია ქალაქის ცენტრი ომონიიდან სინდაღმამდე, ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. დაკეტილია მაღაზიებიც, რადგან მეპატრონეებს დარბევის ეშინიათ. ანარქისტები იმუქრებიან, რომ ქალაქის ცენტრს დაწვავენ.

15 წლის მოზარდი ალექსის გრიგოროპულოსი პოლიციელს შემოაკვდა შეკამათების დროს. შემთხვევა 2008 წლის 6 დეკემბერს მოხდა ექსარხიის რაიონში, ძაველას ქუჩაზე, რომელიც დღეს გრიგოროპულოსის ქუჩაა. მაშინ საპროტესტო გამოსვლებმა მთელი საბერძნეთი მოიცვა და აქციებს დიდი მატერიალური ზარალი მოჰყვა.

იმ პერიოდში საბერძნეთის შს მინისტრი იყო დღევანდელი პრეზიდენტი პროკოფის პავლოპულოსი, რომელმაც გადადგომის შესახებ თხოვნით მიმართა პრემიერ-მინისტრს, თუმცა კოსტას კარამანლისმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ალექსის გრიგოროპულოსის მკვლელობის დღეს აქციები საბერძნეთში ყოველწლიურად იმართება.

გიორგი ჯანელიძე

ნახეთ რამდენიმე ვიდეო ათენში დღეს მიმდინარე აქციის ადგილიდან.

ამ ვიდეოზე ჩანს, როგორ აზიანებენ აახალგაზრდები ისტორიულ შენობას.

პოლიცია ჯერჯერობით შორიდან უყურებს პროცესებს და არ ერევა.

კომენტარები
Загрузка...