იტალიაპოლიტიკა

6 დეკემბრიდან იტალიის 9 რეგიონი „ფერს იცვლის“ – რა შეზღუდვები იმოქმედებს საშობაოდ

ხვალიდან, 6 დეკემბრიდან იტალიის 9 რეგიონი „ფერს შეიცვლის“: კამპანია, ტოსკანა, ვალე დ’აოსტა და ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია „ნარინჯისფერ ზონაში“ გადადის – „წითელი ზონიდან“, ხოლო ემილია-რომანია, ფრიული ვენეცია ჯულია, მარკე, აპულია (Puglia) და უმბრია „ნარინჯისფრიდან“ „ყვითელ ზონაში“ გადავა. დადგენილებას ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ მოაწერა ხელი.

რა შეზღუდვები უქმდება და რა რჩება ისევ აკრძალული „ფერის შეცვლის“ შესაბამისად?

„ყვითელი ზონებისთვის“ მთავარი სიახლე ის არის, რომ მუდმივი საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის საზღვრებიდან გასვლა და სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა უკვე აღარ არის შეზღუდული და მოქალაქეებს თვითსერტიფიკატის ფორმის შევსება აღარ მოეთხოვებათ, თუმცა ღამის გადაადგილების შეზღუდვა ძალში რჩება 22:00-იდან 05:00 სთ-მდე.

კომენდანტის საათის დროს გადაადგილება ან „წითელი“ და „ნარინჯისფერი ზონების“ ტერიტორიაზე შესვლა ნებადართულია მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, გადაუდებელი სიტუაციიდან ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ყვითელ ზონებში“ რესტორნები, ბარები და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტები ისევ იხსნება, მხოლოდ დილის 5-იდან საღამოს 6 საათამდე; კერძების ან სასმელების გაყიდვა გატანით 22:00 საათამდეა ნებადართული, ხოლო სახლში მიტანაზე დროის შეზღუდვა არ ვრცელდება.

სადღესასწაულო დღეებში და დღესასწაულების წინა დღეს დაიკეტება მაღაზიები სავაჭრო ცენტრებში, აფთიაქების, კვების ობიექტების, თამბაქოსა და საგაზეთო კიოსკების გამოკლებით; დაიკეტება ბაზრობებიც.

იმ რეგიონების მკვიდრთათვის, რომლებიც „წითელი ზონიდან“ „ნარინჯისფერში“ გადადიან, მუდმივი საცხოვრებელი მუნიციპალიტეტიდან გასვლა ან შესვლა, „დასაბუთებული საჭიროების“ გარეშე, ისევ აკრძალული რჩება. ხოლო მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სადაც მოქალაქე ცხოვრობს, გადაადგილებისთვის თვითსერტიფიკატი საჭირო აღარ იქნება.

„ნარინჯისფერ ზონებში“ ბარები, პაბები, რესტორნები, კაფე-სანაყინეები, საკონდიტროები არ იხსნება. ნებადართულია მათი პროდუქციის სახლში მიტანა ან გატანით გაყიდვა 22:00 სთ-მდე. დაკეტილი მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ისევ იხსნება, თუმცა ისინი სადღესასწაულო დღეების წინა დღეს და სადღესასწაულო დღეებში არ იმუშავებენ.

ამასთან, ისევ ძალში რჩება დაწესებული შემზღუდავი ზომები აბრუცოში, ბაზილიკატაში, კალაბრიაში, ლომბარდიასა და პიემონტში.

პიემონტი და ლომბარდია ისევ „ნარინჯისფერ ზონში“ რჩება, „აბრუცო“ კი – „წითელ ზონში“.

კონტეს ახალი დეკრეტით, რომელსაც 4 დეკემბერს შევიდა ძალაში, იტალიაში საშობაოდ კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვები გამკაცრდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იტალიის 20 რეგიონს შორის მოქალაქეთა გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე, საგანგებო შემთხვევების დროს ან სამედიცინო მიზნებით. ნებადართულია, ასევე, მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ჩაწერილი მისამართის შესაბამისად).

შობის დღესასწაულის დღეებში, 24-25 დეკემბერს იტალიელებს ეკრძალებათ თავიანთი ქალაქის ფარგლების დატოვება, ამასთან, აკრძალულია მასობრივი თავშეყრა. იტალიის სამართალდამცავი ორგანოები წესების დაცვას მკაცრად გააკონტროლებენ: დრონებით, პატრულირებით, ბლოკპოსტებით სადგურებსა თუ საავტომობილო გზებზე.

21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში მაღაზიების მუშაობა ნებადართულია 21:00 სთ-მდე.

ამასთან, გამოსასვლელ დღეებში სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ.

ISS-ის პრეზიდენტის, სილვიო ბრუზაფეროს ინფორმაციით, იტალიაში ინფექციის ტრანსმისიის (გადაცემის) ინდექსი – Rt ისევ შემცირდა და ამჟამად მისი საშუალო მაჩვენებელი მთელი ქვეყნისთვის ერთზე ნაკლებია, შეინიშნება ინფექციის გავრცელების შემცირება, თუმცა გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. „უნდა მივაღწიოთ, რომ Rt-ს მაჩვენებელი ყველა რეგიონისთვის ერთზე ნაკლები იყოს“, – განაცხადა მან სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროში. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 81 წელია და ინტენსიური თერაპიის გამნყოფილებებში, ძირითადად, 70 წელს გადაცილებული პაციენტები ხვდებიან, უმეტესად – მამაკაცები.

სამწუხაროდ, იტალიაში ბოლო დღეებში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება (გუშინ საღამოს მონაცემებით, ერთ დღეში კიდევ 814 კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა). ჯანდაცვის სამინისტროს პროფილაქტიკის დეპარტამენტის უფროსის, ჯანი რეზას თქმით, „ეს მაჩვენებელი გარკვეული პერიოდი, სავარაუდოდ, კიდევ მაღალი იქნება, უახლოეს დღეებში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშიც საკმაოდ ბევრი კოვიდ-ინფიცირებული მოხვდება – ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ბოლო კვირებში დაინფიცირდნენ“. ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ისევ გადატვირთულია, თუმცა შეინიშნება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირება. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ძირითადი რეკომენდაციები – სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close