8 დეკემბრიდან იტალიაში ამოქმედდება პროგრამა „საშობაო ქეშბექი“ (Cashback natalizio) – პროგრამის შესახებ ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნების უფლება აქვს ყველა მოქალაქეს, რომელიც 8-იდან 31 დეკემბრის პერიოდში, სულ მცირე, ათჯერ შეიძენს პროდუქციას უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო ბარათით ან გადახდის მობილური აპლიკაციებით). მოქალაქეს უკან დაუბრუნდება დანახარჯის 10%, თუმცა არაუმეტეს 150 ევროსი ანუ ქეშბექის მაქსიმალური თანხა 150 ევრო იქნება.
აღსანიშნავია, რომ ქეშბექის პროგრამა არ ვრცელდება ონლაინ შესყიდვებზე. იმისათვის, რომ ნავაჭრი თანხის ნაწილი დაგიბრუნდეთ, პროდუქცია რომელიმე (ნებისმიერ) მაღაზიაში უნდა შეიძინოთ უნაღდო ანგარიშსწორებით.
მომავალი კვირიდან თვის ბოლომდე ყველა, ვინც რაიმეს იყიდის მაღაზიებში საბანკო ბარათით ან მობილური აპლიკაციებით (უნაღდო ანგარიშსწორებით), დახარჯული თანხის 10%-ს უკან დაიბრუნებს, თუმცა ერთი პირობით: 8 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე მოქალაქემ მინიმუმ 10 ტრანზაქცია უნდა შეასრულოს (ანუ 10-ჯერ უნდა გადაიხადოს უნაღდო ანგარიშსწორებით).
თანხის დაბრუნება 2021 წლის თებერვლამდე მოხდება მომხმარებლის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით.
ქეშბექის გარდა არის სუპერქეშბექიც – 1500 ევროს ოდენობით. პრიზი თამაშდება იმ 100 000 მოქალაქისთვის, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტჯერ გადაიხდიან უნაღდოდ შეძენილი პროდუქციის საფასურს.
ამ ინიციატივის მიზანია, ერთი მხრივ, მოქალაქეების წახალისება საშობაოდ, უნაღდო, ელექტრონული ანგარიშსწორების სტიმულირება, მეორე მხრივ კი – გადასახადებისთვის თავის არიდებასთან ბრძოლა.
ნოემბერში მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ მთავრობამ ქეშბექის პროგრამის შექმნისა და მართვისთვის 4,7 მილიარდი ევრო გამოყო.
ნინო ხოშტარია
ინფორმაცია იტალიურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: bonus-natale-cashback-gazzetta-ufficiale#14
კომენტარები