რუსეთში, ნოვოსიბირსკში პოლიციის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ალექსანდრ გრაშჩენკოვი ქრთამად ხინკალს იღებდა.
გრაშჩენკოვი ადგილობრივ ბიზნესმენებს მფარველობდა, რომლებმაც ქალაქში რამდენიმე საკვები და სავაჭრო დაწესებულება გახსნეს. უფასო კერძების სანაცვლოდ გრაშჩენკოვი თვალს ხუჭავდა ფართის ქირის პირობების დარღვევაზე.
Kommersant-ის ინფორმაციით 2015-2018 წლებში ქირის პირობების დარღვევის უგულებელყოფის სანაცვლოდ ალექსანდრ გრაშჩენკოვმა კაფე „ბერიოზკაში“ $700-ის ღირებულების კერძები შეუკვეთა. Kommersant-ის თანახმად, პოლიციის უფროსი ხინკალსა და კიტრის სალათს უკვეთავდა.
გრაშჩენკოვი 2019 წელს დააპატიმრეს. სასამართლოზე მან დანაშაული აღიარა. 2020 წლის 2 დეკემბერს ნოვოსიბირსკის სასმართლომ მას სამი წლით თავისუფლების პირობითი აღკვეთა და 4 წლით გამოსაცდელი ვადა მიუსაჯა. მას ასევე 3 წლის ვადით აეკრძალა სამართალდამცველ ორგანოებში თანამდებობის დაკავება.
პოლიციის უფროსისთვის ქრთამის მიცემისთვის ბიზნესმენების წინააღმდეგ საქმე დამოუკიდებლად მიმდინარეობს.
Kommersant-ის ინფორმაციით, თავდაპირველად გამომძიებლები ვარაუდობნენ, რომ გრაშენკოვმა წლების მანძილზე $2600-ის ღირებულების ხინკალი შეუკვეთა, თუმცა ქრთამის საბოლოო რაოდენობამ $700 დოლარი შეადგინა.
tabula.ge
კომენტარები