მსოფლიოტექნოლოგიები

სინგაპურში ხელოვნური ქათმის ხორცით ვაჭრობა დაუშვეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე სინგაპურის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტომ კალიფორნიაში დაფუძნებულ კვების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიას Eat Just ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი ქათმის ხორცით ვაჭრობის უფლება მისცა. მსოფლიო მასშტაბით ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაბორატორიაში კულტივირებული ხორცი სინგაპურის რესტორნების მენიუში თავდაპირველად ნაგეთსების სახით გამოჩნდება, მოგვიანებით კი ფართო საზოგადოებისთვის გაცილებით მრავალფეროვანი კერძები გახდება ხელმისაწვდომი. ამერიკული სტარტაპის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი საკუთარი ნაწარმის გამოშვებას ბრენდის GOOD Meat სახელით გეგმავენ. პროდუქტის შეძენა მსურველებს პრემიუმ ხარისხის ქათმის ხორცის ფასად შეეძლებათ.

კომპანია საკუთარ ნაწარმს ფრინველების დახოცვის გარეშე ქმნის. ცხოველურ უჯრედებს ისინი ცოცხალი ქათმების ორგანიზმიდან ბიოფსიის სახელით ცნობილი პროცედურის საშუალებით მოიპოვებენ, შემდეგ კი აღებული მასალა ბიორეაქტორში გადააქვთ. სპეციალურ მოწყობილობაში მოთავსებულ ქსოვილის ნიმუშებს ცილებით, ამინომჟავებით, მინერალებით, შაქრით, მარილითა თუ სხვა ნივთიერებებით ამდიდრებენ და მიღებულ მასას იქამდე კუმშავენ, სანამ საკმარისად მკვრივი არ გახდება.

სინგაპურის მთავრობის მიერ Eat Just-ისთვის გაცემული ნებართვა ხელისუფლების მხრიდან ახლახან გაჟღერებული ინიციატივის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ქვეყნის მიზანია, რომ 2030 წლისთვის თავისი 5,7 მილიონი მოქალაქისთვის საჭირო საკვების მარაგის 30 პროცენტი ადგილობრივად აწარმოოს და სხვა სახელმწიფოებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. რაც შეეხება ამერიკულ სტარტაპს, ის მომავალში გაფართოებას, მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი პროდუქტის შეთავაზებასა და მის აშშ-ის თუ ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close