fbpx
პოლიტიკასაქართველო

ცნობილია, ვის ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე, ახალი პროტოკოლის მიხედვით

დღეს დაანონსებული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტის გაკეთება ყველა იმ კლინიკაში შეეძლებათ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი საქართველოში სულ 250-მდე დაწესებულებაა.

გაბუნიას თქმით, ტესტი მხოლოდ ე.წ. სიმპტომურ პაციენტებს ჩაუტარდებათ. ტესტირებას სახელმწიფო აფინანსებს და მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.

„საოჯახო მედიცინის ცენტრებსა და პოლიკლინიკებში, სადაც პაციენტები ოჯახის ექიმებთან დადიან სხვადასხვა მიზეზებით, აქვე მათივე ოჯახის ექიმის მითითებით აიღებენ ტესტს, როცა ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მანვე განმარტა, რომ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ეჭვი ინფიცირებაზე, საკუთარი ინიციატივით არ უნდა მივიდნენ კლინიკაში:

„როდესაც სახეზეა სიმპტომები, რაც შეიძლება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული, პაციენტი ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს. ოჯახის ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და ჩაუნიშნავს ვიზიტს ტესტირებისთვის და იქვე გაიგებს პასუხს და მისცემენ რჩევას. [მოგვიანებით] დაუკავშირდება ოჯახის ექიმი, რომელიც გააგრძელებს მეთვალყურეობას, როგორც კოვიდინფიცირებულ პაციენტთან“.

გაბუნიას თქმით, იშვიათ შემთხვევაში, როცა პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ თავად მივიდეს ტესტის ჩასატარებლად, შესაძლებელი იქნება, კლინიკასთან შეთანხმებით, მისთვის ტესტის გაკეთება სახლში.

გაფართოებული ტესტირება საქართველოში ხვალიდან (3 დეკემბერი) ორი თვის განმავლობაში ჩატარდება. დღიურად 20 ათასი ადამიანის დატესტვა იგეგმება, ამას დაემატება კერძო კომპანიების მიერ ჩატარებული ტესტებიც. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ტესტირების კამპანიის „მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ-სასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას“.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close