ტრაგიკული შემთხვევა პალერმოში: 10 წლის გოგონა სკოლაში მოულოდნელად გარდაიცვალა
ეჭვი არსებობს დაავადებაზე, თუმცა ნამდვილ მიზეზს აუტოფსიის შედეგად დაადგენენ
იტალიის ქალაქ პალერმოში (სიცილია) 10 წლის გოგონა უეცრად გარდაიცვალა ფიზკულტურის გაკვეთილზე. შემთხვევა ვიტორიო ემანუელე ორლანდოს სახელობის საშუალო სკოლაში მოხდა, რომელიც ლუქსემბურგის ქუჩაზე, პალერმოს ჩრდილოეთ ზონაში მდებარეობს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
გოგონა სპორტდარბაზში იმყოფებოდა თანაკლასელებთან ერთად. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა მოხდა: თითქოს გოგონამ თავი დაარტყა იატაკს, თუმცა საღამოს სკოლის დირექტორმა ვირჯინია ფილიპონემ განმარტა, რომ ასე არ ყოფილა და გამოძიება დაადგენს, სინამდვილეში რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. სკოლის დირექტორმა ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა ოჯახის მიმართ.
repubblica.it-ის ინფორმაციით, გოგონას ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა: „ჩვენ მივრბოდით, მას ფეხი გაუცურდა, ჯერ მხრით დაეცა და შემდეგ თავი დაარტყა“.
ბავშვმა გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარება დროულად მივიდა, ექიმები გოგონას მთელი 45 წუთი უკეთებდნენ გულის მასაჟს, მაგრამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გოგონას დეიდის თქმით, იგი ძალიან ჯანმრთელი და ცოცხალი ბავშვი იყო და არანაირი პათოლოგია არ ჰქონია.
„ანსას“ ინფორმაციით, საღამოს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გოგონას გარდაცვალება შესაძლოა „მოულოდნელ დაავადებას“ უკავშირდებოდეს, რადგან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის პირველადი დათვალიერებით, თავის ან სხეულის სხვა ნაწილების დაზიანება არ დაფიქსირდა. საღამოს პროკურატურის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო ლო ვოიმ აუტოფსიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ გოგონას ცხედარს მშობლებს გადასცემენ, რომლებმაც მომხდარი ტრაგედიის შესახებ სამუშაოზე ყოფნისას შეიტყვეს – „ანსას“ ცნობით, ორივე მაღაზიაში მუშაობს.
სკოლაში ბავშვის უეცარმა გარდაცვალებამ არა მარტო პალერმო, მთელი იტალია შეძრა. განათლების მინისტრი ლუჩია აძოლინა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადა, რომ სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ლუჩია აძოლინამ „ღრმა მწუხარება“ გამოხატა და ოჯახს „დიდი თანაგრძნობა და მაქსიმალური თანადგომა“ გამოუცხადა. მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა და ოჯახს მიუსამძიმრა პალერმოს მერმა ლეოლუკა ორლანდომ, აგრეთვე, სიცილიის გუბერნატორმა ნელო მუსუმეჩიმ და მთელმა საბჭომ, უამრავმა პოლიტიკოსმა ადგილობრივ თუ ნაციონალურ დონეზე.
ნინო ხოშტარია
კომენტარები