კრიმინალისაქართველო

„სამუდამო მომეცით, მიღირს“, – ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 23 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ ლუკა გამყრელიძის განცხადებით, ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის მოთხოვნას საფუძვლად ედო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ზურაბაშვილის ადვოკატები, გიორგი ჭოჭუა და ირმა ჭკადუა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული ლევან ზურაბაშვილიც, რომელმაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონები უნდა შეიცვალოს.

„პროკურორი სულ ამბობს შესაძლოა, შესაძლოა, ამას იძახით სულ, მაგრამ რეალურად ნახევარი საქართველო დაიღუპა ამ პრობლემებით წლების განმავლობაში. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა ჩვენ, თქვენი შვილები, ყველა იღუპება. რამდენს მოუკლია თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, 4 საათი იქ ვიყავი, ტელევიზია არ მოსულა, როგორ მელაპარაკა აბა, ლაპარაკობდა პარტიის წარმომადგენელი და ამდენი წელია, პოლიტიკაშია, მაგრამ უსმენენ? შეიძლება, ბევრი არ თამაშობდეს, მაგრამ მათი შვილები, ძმები, იღუპება თაობები. გამწარებული ხალხი, გაჭირვებული თქვენს გულამდე არ მიდის? მე გავისტუმრე ვალები. სამუდამო მომეცით, მიღირს. მე აღარ ვთამაშობ, ცოდო ვართ, გადარჩეს ერი და კანონები შეიცვალოს. არ არსებობს ოჯახი, წამალი არ სჭირდებოდეს, ყველაფერი ძვირი ღირს – პამპერსი, წამლები. კი არ ვმრავლდებით და ვვითარდებით, უკან უკან მივდივართ. ჩვენზეც იზრუნონ, ხალხზე. ყველამ ჭამა ფული და ახლა ჩვენზე იზრუნონ“, – განაცხადა ლევან ზურაბაშვილმა.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 9-იდან 14 წლამდე. საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თავდაპირველად გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც მიმდინარეობდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა, რომელიც რეალურად საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს თბილისში, წერეთლის პროსპექტზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისიში“ (MBC) შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close