ვინ არის და რა სასჯელი ელის თავდამსხმელს, რომელმაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლები აიყვანა
თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ს ოფისზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, ყველა მძევალი გათავისუფლებულია.
თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო. მან ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ-LIVE-ი გამოიყენა საკუთარ მოთხოვნებზე სასაუბროდ. იგი ვიდეოში, რომელიც 06:05 წუთი გრძელდებოდა, ძირითადად, სოციალური ხასიათის საკითხების გადაჭრას მოითხოვდა და არა – კონკრეტული თანხის გადაცემას. თავდამსხმელი ოფისში ნიღბის გარეშე იმყოფებოდა და მას, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ჰქონდა.
digest.pia.ge-წერს, რომ თავდამსხმელი ლევან ზურაბაშვილი სასტუმრო „ფაბრიკის“ თანამშრომელია.
სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, რომ ზურაბაშვილი საინჟინრო დეპარტამენტში ინჟინრად უკვე ორი წელია მუშაობს. მენეჯერი თავდამსხმელს უკონფლიქტო და უპრობლემო პიროვნებად ახასიათებს.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ლევან ზურაბაშვილი წარმოშობით ბორჯომელია. იგი ამჟამად თბილისში ორხევის დასახლებაში ცხოვრობს.
როგორც გამოცემას მისმა მეზობლებმა უთხრეს, ზურაბაშვილს ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლეს კი რამდენიმე ხნის წინ დაშორდა.
„სახლში ჰყავს დედა, თვითონ ხშირად სვამს, თორემ ისე გადასარევი ბიჭია. როგორც ვიცი, თამაშობდა, ერთი სახლი ამის გამო ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია ჩადებული და დედამისი ქუჩაში რჩება“, – ჰყვება თავდამსხმელის მეზობელი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით მიმდინარეობს:
- სსკ-ის 179-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ყაჩაღობას – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-იდან 9 წლამდე.
- სსკ-ის 236-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-იდან 7 წლამდე.
შესაბამისად, თავდამსხმელს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები