როგორ შეიძლება კერძო სასწრაფოს გამოძახება, როცა „112“ არ მოდის
თითქმის ერთი კვირაა, რაც ქვეყანაში სახელმწიფო სასწრაფო დახმარებისთვის ახალი ინსტრუქცია არსებობს, რომლის მიხედვითაც ისინი ყველა კოვიდინფიცირებულის გამოძახებას აღარ იღებენ. თუკი მანამდე ჯგუფი ყველა გამოძახებაზე გადიოდა, ახლა მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და ერთეული სიმპტომები საკმარისი არაა იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე გავიდეს.
აუცილებელია, რომ პაციენტი იყოს რისკჯგუფში, ამავდროულად, ჰქონდეს 38,8 გრადუსი ან უფრო მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ჩივილები. პაციენტებს, რომლებთანაც სასწრაფო არ მიდის, ოჯახის ექიმებთან გადაამისამართებენ.
ეს შეზღუდვა, ვრცელდება სახელმწიფო სასწრაფო დახმარების ჯგუფებზე, თუმცა არ ეხება კერძო სამედიცინო კომპანიებს, რომლებსაც სასწრაფო დახმარების სერვისები აქვთ.
რეგულირების სააგენტო რადიო თავისუფლებას წერს, რომ საქართველოში 38 ისეთი კომპანია არსებობს, რომლებსაც კერძო სასწრაფო მომსახურების გაწევა შეუძლიათ.
მათ ამ ტიპის მომსახურების ლიცენზია მიღებული აქვთ, თუმცა მხოლოდ რამდენიმეს აქვს მოქმედი სერვისი.
38 ორგანიზაციიდან რადიო თავისუფლებას მხოლოდ 3 ისეთი კომპანიას მიაგნო, რომელსაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან ბინაზე მისვლის სერვისები აქვთ.
- ყველაზე ბევრი, 50 მანქანა „ემერჯენსი სერვისის“ ჰყავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სერვისით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია. გამოძახების ღირებულება 60 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს და საჭიროებებზეა დამოკიდებული. გამოძახება შესაძლებელია ნომრებით: 16 116 და 032 2 53 03 33.
- Geo-Medi პაციენტებს მხოლოდ თბილისის მაშტაბით ემსახურება. გამოძახების ღირებულება 70 ლარია, კოვიდპაციენტის შემთხვევაში კი საფასურს ეკიპირების ღირებულება – 25 ლარი ემატება. სასწრაფოს გამოძახება შესაძლებელია ნომრებით: 032 2 18 05 02 და 032 2 111 500.
- კოვიდინფიცირებული პაციენტების მომსახურება შეუძლია ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“. 3 სასწრაფოს ჯგუფი მხოლოდ ბათუმს ემსახურება, გამოძახების ღირებულება 100 ლარია. დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 0 422 25 85 13.
ლიცენზიის მქონე დანარჩენი 35 კომპანიიდან რამდენიმემ სერვისი კორონავირუსის გამო გააუქმა, რამდენიმეს მანამდეც გაუქმებული ჰქონდა; ზოგი მხოლოდ ბავშვებს ემსახურება, ზოგი კი მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს.
.radiotavisupleba.ge
კომენტარები