მოგზაურობაკრიმინალი

შავ ბაზარზე COVID-19-ის ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხები იყიდება

კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზღვრის გადაკვეთისას დაწესებული რეგულაციების გამკაცრების პარალელურად შავ ბაზარზე COVID-19-ის ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხებით ვაჭრობა დაიწყო. მსგავსი პრეცედენტი ახლახან საფრანგეთში დაფიქსირდა, სადაც პოლიციამ თაღლითობაში ბრალდებული 7 ადამიანი დააკავა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები 29-დან 52 წლამდე ასაკის 6 კაცი და 1 ქალი არიან, რომლებიც პარიზში მდებარე შარლ დე გოლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის ყალბი დოკუმენტაციის მიყიდვას 150-300 ევროს სანაცვლოდ ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი გაყალბებული ტესტი, რომელზეც ადგილობრივი სამედიცინო ლაბორატორიის სახელი იყო მითითებული, სექტემბერში ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებასკენ მიმავალ რეისზე დარეგისტრირებულ პირს აღმოაჩნდა, რამაც პოლიცია ზემოხსენებული დაჯგუფების კვალზე გაიყვანა. თაღლითებს 5 წლამდე პატიმრობა და 375 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არაა. ამგვარი ფაქტები დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაშიც დაფიქსირდა. ლათინური ამერიკის ამ უდიდეს ქვეყანაში მიმდინარე წლის ოქტომბერში 4 ტურისტი დააკავეს, რომლებმაც ატლანტის ოკეანეში განლაგებულ არქიპელაგ ფერნანდუ დი ნორონიაზე კერძო თვითმფრინავით გამგზავრებისას ცრუ დოკუმენტაცია წარადგინეს. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, იქ კორონავირუსის ტესტის ფალსიფიცირებულ პასუხებს ამზადებენ როგორც ტურისტული სააგენტოების თანამშრომლები, ისე თავად მოქალაქეები.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ამგვარმა ტენდენციამ შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სათანადო აღრიცხვას შეუშალოს ხელი და დაავადების უფრო ფართო გავრცელება განაპირობოს, ეს კი ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი დარტყმა იქნება. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლება თაღლითობის მცდელობების აღსაკვეთად საზღვრის გადაკვეთისას შემოღებული რეგულაციების მეტად გამკაცრებას გეგმავს.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close