საბერძნეთში ბინადრობის უფლების აღების შემდეგ გადასადგმელი ხუთი ნაბიჯი – ადვოკატის რეკომენდაცია
ბინადრობის უფლების (ადია დიამონის) პირველად აღების შემდეგ, სასურველია გააკეთოთ 5 რამ:
- ΑΦΜ (Αριθμός Φορολογικού Μητρώου).
- Κλειδάριθμος.
- ΑΜΚΑ (Αριθμός Μητρώου Κοινωνικής Ασφάλισης)
- ΑΜΑ (Αριθμός Μητρώου Ασφαλισμένου)
- ბერძნული ბანკის ანგარიში
აგიხსნით თითოეულის მნიშვნელობას, ფუნქციას და იმ საბუთებს, რომლებიც დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ.
თუ ეს პროცედურები, რომლებსაც ქვემოთ აღვწერ, ზედმეტად რთულად მოგეჩვენებათ, მაშინ შეგიძლიათ საქმე ადვოკატს ანდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მინდობილობა, რომლითაც ის შეძლებს თქვენ მაგივრად მოაგროვოს საჭირო დოკუმენტები და გაგიკეთოთ საჭირო საბუთები.
- ΑΦΜ (Αριθμός Φορολογικού Μητρώου)
ΑΦΜ არის საგადასახადო სამსახურის სარეგისტრაციო სისტემა. საგადასახადო სამსახურს ეწოდება ΕΦΟΡΙΑ – ეფორია ან შემოკლებით ΔΟΥ. ΔΟΥ – დოი აბრევიატურაა და ნიშნავს Δημόσια Οικονομική Υπηρεσία – სახელმწიფო ეკონომიური სამსახური. ΑΦΜ-სთან არის დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მთელი ეკონომიური აქტივობა. ფაქტობრივად, თუ ეს ნომერი რომელიმე ადამიანს არ აქვს, ის ეკონომიური ცხოვრების და აქტივობის თვალსაზრისით არ არსებობს. ამ ნომრის მეშვეობით ხდება წლიური საშემოსავლო დეკლარაციების (ფოროლოგიკი დილოსი-ენკათარისტიკო) გაკეთება. ამ ნომრის გასაკეთებლად საჭიროა:
1.1 Μ1 ფორმის შევსება. მისი სწორად შევსება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელი რიგი საბუთები, რომელსაც მერე აკეთებთ, დიდწილად ეყრდნობა ΑΦΜ-ის მონაცემებს და თუ ის შეცდომით გააკეთეთ, სხვა საბუთებზედაც გადადის, რაც შეცდომის მასშტაბებს ზრდის. ამიტომ კარგი იქნება, თუ Μ1-ის შევსებისას იხელმძღვანელებთ თქვენივე დაბადების მოწმობით.
1.2. მოქმედი პასპორტი.
1.3. ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი. მაგ., ბინადრობის უფლება (ადია დიამონი), ე. წ. ლურჯი ვევეოსი, ე. წ. კატეხაკის საბუთი, რაიმე ტიპის ვიზა ან სხვა სახის ლეგალურად ცხოვრების საბუთი. ვისაც ვიზა აქვს, და რადგანაც ითვლება, რომ ისინი არ არიან საბერძნეთის მუდმივი მკვიდრნი, ისინი ΑΦΜ-ის იღებენ მათთვის სპეციალურად განკუთვნილ ეფორიაში, რომელსაც ჰქვია ΔΟΥ Κατοίκων Εξωτερικού.
1.4. ჩაწერა. ანუ საბუთი სადაც ჩანს, რომ ან სადმე ბინა გაქვთ ნაყიდი, ან ნაქირავები, ან ვინმე გმასპინძლობთ თავის ბინაში.
ზოგადად, ყველა უბანს თავისი ეფორია აქვს. ის თუ რომელ ეფორიას ეკუთვნით, დგინდება სწორედ მისამართის მიხედვით.
ΑΦΜ არ უქმდება იმ შემთხევევაში, თუ საბუთები გაგიფუჭდათ, მაგრამ შესაძლებელია მოხდეს მისი გაუქმება, თუ აღმოჩნდა, რომ ის ყალბი საბუთებით გააკეთეთ.
ΑΦΜ-ის გახსნის ვადებს რაც შეეხება, ზოგადად, პროცედურა 10-15 წუთის საქმეა, მაგრამ კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით, ეფორიების უმეტესობაში რანდევუები 2 თვის მერე ინიშნება.
- Κλειδάριθμος.
კლიდარითმო არის, ფაქტობრივად, საგადასახადო სამსახურის ელექტრონულ სერვისებზე წვდომის სისტემა. ის შედგება მომხმარებლის სახელის და პაროლისგან, მაგრამ კლიდარითმოთი უკვე ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე მხოლოდ საგადასახადო სისტემის სერვისებია. მაგ., შეგიძლიათ ნახოთ ენსიმები, შეგიძლიათ შეიტანოთ განცხადება სხვადასხვა სახის დახმარებებზე და ა. შ. ამიტომ აფიმისთან ერთად აუცილებლად უნდა იზრუნოთ კლიდარითმოს გაკეთებაზეც.
კლიდარითმოს გაკეთების 3 მეთოდი არსებობს.
2.1. პირველი და ყველაზე გავრცელებული არის ინტერნეტში განცხადების გაკეთებით და ეფორიაში მისვლით. სასურველია, რომ კლიდარითმოზე განცხადება ინტერნეტში აფიმის გაკეთებისთანავე გააკეთოთ და შესაბამისი საბუთი (კლიდარითმო – რომლითაც შეძლებთ ანგარიშის გააქტიურებას) მომენტალურადვე მოითხოვოთ.
2.2. ვისაც ბანკის ანგარიში აქვს, შეუძლია გააკეთოს ΙΒΑΝ-ის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კლიდარითმოს იღებთ ნაწილ-ნაწილ – ნახევარს ელფოსტის მისამართზე და ნახევარს sms-ით.
2.3. ვიდეოჩართვით, myAADElive სერვისის მეშვეობით, რომლის შემდეგაც გეძლევათ კლიდარითმო e-mail-ის მეშვეობით.
- ΑΜΚΑ
ეს არის სოციალური დაზღვევის ნომერი. პრაქტიკულად, ΑΜΚΑ არის თქვენი საჯარო ჯანდაცვის უწყებებთან (და არა მარტო) ურთიერთობის პასპორტი. ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზული პრობლემების მოგვარება უკავშირდება ΑΜΚΑ-ს. როდესაც სერიოზული პრობლემით მიმართავთ ხოლმე საავადმყოფოს, პირველი კითხვა, რაც ბევრ თქვენგანს ესმის, არის სწორედ ეს: გაქვთ თუ არა ΑΜΚΑ?
ΑΜΚΑ, ისევე როგორც ΑΦΜ, არ უქმდება საბუთების გაფუჭების შემთხვევაში და ეს არის მისი ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ΠΑΑΥΠΑ-სგან. ΠΑΑΥΠΑ, რომელსაც იღებთ თავშესაფრის მაძიებლები, ვიზუალურად და ფუნქციებით ძალიან ჰგავს ΑΜΚΑ-ს, თუმცა ის სულ სხვა სისტემაა. ΠΑΑΥΠΑ უქმდება მაშინვე, როგორც კი უქმდება თქვენი მოთხოვნა თავშესაფრის მიღებაზე.
ΑΜΚΑ კეთდება ΕΦΚΑ-ს ადგილობრივ ოფისებში და მის გასაკეთებლად საჭირო დოკუმენტებია:
3.1. მოქმედი პასპორტი.
3.2. ბინადრობის უფლება (ადია დიამონი) ან ე.წ. ლურჯი ვევეოსი ან ლეგალურად ცხოვრების სხვა დამადასტურებელი საბუთი (თავშესაფრის მოთხოვნის საბუთის გარდა).
3.3. დამსაქმებლის განცხადება, რომ აპირებს სამსახურში თქვენს აყვანას.
3.4. ΑΦΜ.
3.5. ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ (Πιστοποιητικό Οικογενειακής Κατάστασης).
3.6. ჩაწერა.
- ΑΜΑ (Αριθμός Μητρώου Ασφαλισμένου)
ეს არის სადაზღვევო ფონდში სარეგისტრაციო ნომერი. ამ ნომერზე ხდება ე.წ. ენსიმების (ანუ სამუშაო დღეების) დაფიქსირება. როდესაც დამსაქმებელი გიხდით სადაზღვევო ფონდში საჭირო ენსიმების რეოდენობას, მაშინ გაქვთ დაზღვევა ე.წ. ასფალისტიკი იკანოტიტა (ის, რასაც ადრე ვივლიარიო იგიასი ერქვა). თუ ეს არ გაქვთ, პირველ გადავადებას ადია დიამონზე ვერ გააკეთებთ. ΑΜΑ-ს გასახსნელად საჭირო დოკუმენტებია:
4.1. მოქმედი პასპორტი.
4.2. ბინადრობის უფლება (ადია დიამონი) ან ე.წ. ლურჯი ვევეოსი ან კანონიერად ცხოვრების სხვა დამადასტურებელი მოწმობა.
4.3. დამსაქმებლის მიერ გაკეთებული კონტრაქტის შემოთავაზება (Αναγγελία Πρόσληψης – ანანგელია პროზლიფსის).
4.4. ΑΦΜ.
4.5. ΑΜΚΑ.
4.6. ჩაწერა.
4.7. ბევრგან (თუმცა არა ყველგან), ΑΜΑ-ს გასაკეთებლად, ასევე ითხოვენ ბანკის ანგარიშის ნომერს IBAN-ს.
- ბერძნული ბანკის ანგარიში.
ბანკის ანგარიში, ზემოთ ჩამოთვლილი საბუთებისგან განსხვავებით, არ არის სავალდებულო ბინადრობის უფლების (ადია დიამონი) ან პირველ ან შემდეგ გადავადებებზე. მაგრამ ბანკის ანგარიში ძალიან ხშირად გჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარებებზე. ასევე, ბანკის ანგარიში დაგეხმარებათ კლიდარითმოს გაკეთებაში. თუ ინტერნეტბანკსაც გახსნით, შეძლებთ ისარგებლოთ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისებით. მაგალითად, შეძლებთ მინდობილობა გაუკეთოთ თქვენს ადვოკატს სახლიდან გაუსვლელად. მაგალითად, თუ ხართ საქართველოში და საბერძნეთში რაღაც საქმე გამოგიჩნდათ, შეგიძლიათ გააკეთოთ მინდობილობა ისე, რომ თქვენი აქ ჩამოსვლა არ იქნება საჭირო. ეს ძალიან დიდი შეღავათია განსაკუთრებით კორონავირუსის გამო ჩარჩენილებისთვის.
ბერძნული ბანკის ანგარიშის გასაკეთებლად მოგთხოვენ ძირითადად შემდეგ საბუთებს:
5.1. მოქმედი პასპორტი.
5.2. ბინადრობის უფლება (ადია დიამონი) ან ე.წ. ლურჯი ვევეოსი ან იდიკი ვევეოსი. კატეხაკის საბუთზეც ჯერ კიდე ბევრი ბანკი ხსნის ანგარიშს.
5.3. დამსაქმებლის განცხადება, რომ აპირებს სამსახურში თქვენს აყვანას.
4.4. ΑΦΜ.
4.5. ენკათარისტიკო. თუ არ გაქვთ მაშინ ხელწერილი სადაც დაწერთ მიზეზს თუ რატომ არ გააკეთეთ წინა წლებში ენკათარისტიკო.
4.6. ჩაწერა.
4.7. სახლის ტელეფონის ქვითარი.
4.8. მობილური ტელეფონის ნომრის აღების საბუთი.
თუ გსურთ ინტერნეტბანკის სერვისიც გახსნათ, ასევე ბანკების უმეტესობაში დაგჭირდებათ ელფოსტის მისამართი.
ვისაც თქვენი ძალებით გაგიკეთებიათ ჩამოთვლილი საბუთები, შეიძლება თქვათ, რომ ან მეტი საბუთი, ან უფრო ნაკლები მოგთხოვეს. საქმე ისაა, რომ საბერძნეთში მოთხოვნილი საბუთების სია ყოველთვის კანონის მოთხოვნებს არ მიჰყვება. სხვადასხვა უწყება კანონს ან უფრო რბილ ინტერპრეტაციას აძლევს და უფრო ცოტა საბუთს ითხოვს, ან პირიქით. შესაბამისად, აქ მოყვანილი მოთხოვნები ძირითადად სწორია მაგრამ რეალობასთან შეფარდებით გარკვეულწილად არის პირობითი.
საერთო ჯამში ეს ყველაფერი რთულია და სამწუხაროდ ადამაინების ძალიან ცოტა რაოდენობას თუ აქვს იმის დრო და საშუალება, რომ ამდენი საბუთი მოაგროვონ და ამდენ უწყებას მიმართონ. თუ მეორეს მხრივ გადაწყვიტავთ, რომ ადვოკატმა გაგიკეთოთ ეს ყველაფერი, მაშინ საჭიროა გაუკეთოთ მინდობილობა მას რომლის საშუალებითაც შეძლებს მოიპოვოს და გააკეთოს ყველა საჭირო საბუთი.
პაატა სიმსივე, ადვოკატი
კომენტარები