საზოგადოებასაქართველო

„ეკლესიის გასუფთავება 3-4 წელიწადში დაიწყება და ისიც ვიცი, ვინ იქნება ამის მოთავე“ – მიტროპოლიტი მელქისედეკი

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ  მოვლენებზე „პროგრესნიუსს“ მიტროპოლიტი მელქისედეკ (ელიზბარ) დიაკონიძე ესაუბრა:

სააკაშვილის დროიდან  მოყოლებული, საქართველოს ეკლესია უმძიმესი განსაცდელის წინაშე ბრძანდება და დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას იგივე ხალხი ცდილობს, ვინც ეკლესიას ერთხელ უკვე დააჯახა სატვირთო ავტომობილი და თუ ჩანაფიქრი განახორციელეს, დანარჩენებსაც დაერევიან. ზუსტად ამ ფორმატით და ამ სცენარით აპირებენ ესენი დაბრუნებას. ცხადია, თუ ხელისუფლებაში ავადსახსენებელი ბერძენიშვილები მოვიდნენ და ქვეყანას თავიანთი შეხედულებები მოახვიეს, ეკლესია ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება. ლევან ბერძენიშვილი დიდი ხანია ქართულ ეკლესიას ღიად ებრძვის და მიკვირს ქართველი ერის და იმ საზოგადოების, რომელიც შოთა რუსთაველზე, ილია ჭავჭავაძეზე, გალაკტიონზე და ვაჟა ფშაველაზე გაიზარდა, როგორ არ უჩნდება პროტესტის გრძნობა, რომ ამ უგვან, უსახურ არსებას პირი ამოუქოლოს. პირადად მე ეკლესიასთან დაპირისპირებას ლევან ბერძენიშვილს კი არა, საკუთარ შვილს არ ვაპატიებ. დღეს ქართული ეკლესია გაძლებაზეა. ალბათ, მსგავსად უფლისა, რომელმაც უდაბნოში 40- დღიანი გამოცდა გაიარა, ისიც გამოცდას გადის – ვინ გაუძლებს, ვინ უნდა გაერიდოს, ვინ შიგნით უნდა იტრიალოს და არ გათქვას, რომ ნამდვილი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და არა ახლანდელ იერარქთა მომხრეა. ეს ქნა სააკაშვილმა, როცა რამოდენიმე მაღალი თუ დაბალი იერარქი მოქრთამა და გადაიბირა.

სააკაშვილს იერარქების გადაბირება რაში სჭირდებოდა?

ქართულ ეკლესიას უნდა დაარტყას, ეს დავალება აქვს მიღებული მამონას მსახურებისგან. სწორედ  მათგან იქნა პრეზიდენტის ტახტზე ხელდასმული შევარდნაძის რეკომენდაციით და მათ დავალებას ასრულებდა. სამწუხაროდ, ეკლესიამაც შესცოდა რამოდენიმე გადაბირებული იერარქის წყალობით. როდესაც მამა ბასილის ეკლესიას სატვირთო დააჯახეს და კარი შეანგრიეს, ეკლესიის მაღალი იერარქების მოწოდებით, მართლმადიდებლობაზე შეტევად არ შევრაცხეთ და ქუდზე კაცი არ გამოვედით. სააკაშვილმა უკან დახეული ეკლესია რომ დაინახა, უფრო მეტად დაუწყო მათრახით ცემა და ჭენება. გახსოვთ, ბოკერიამ რაც იკადრა მერე, მუშტები რომ უქნია პატრიარქს, ჩემს პატრიარქს… იქ რომ ვყოფილიყავი, არ ვიცი, რას ვიზამდი… თუ მკვდარი არა, ალბათ სამუდამო პატიმრობაში ვიქნებოდი. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ლიდერთა საქმიანობა ეკლესიის მიმართ სააკაშვილის ქმედებათა გაგრძელებაა. დიახ, თუ დააკვირდებით  „ოცნება“ აგრძელებს სააკაშვილის საქმიანობას. რაც მან ვერ მოასწრო, ახლა ესენი ამთავრებენ, ოღონდ უფრო რბილად.

როგორ შეიძლება, რომ  „ქართული ოცნება“, რომელიც ეკლესიებს ნგრევის ნაცვლად, აშენებს, სააკაშვილის საქმის გამგრძელებელი იყოს?

„ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც ეკლესიას გააძლიერებს. მისი ლიდერი, სამების ტაძრის ამგები, კერძო საუბრებში ამბობდა, მანახეთ ადამიანი, რომელიც ღმერთის არსებობაში დამარწმუნებს და ჩემი ქონების ნახევარს მივცემო. ეს რომ გავიგე, გამეცინა და ვთქვი, მიმიყვანეთ, სამი საათი დამტოვეთ მასთან მარტო და პირობას გაძლევთ, ნახევარს კი არა, ქონების 2/3 გამოვიტან იქიდან და ეკლესიას და საქართველოს შევწირავ-თქო, მაგრამ ვინ მიმიყვანდა. ასეთი ლიდერი და მისი ხელქვეითი რატომ უნდა იყოს რწმენაში  მყარი და ეკლესიის მიმართ ლოიალური?

მაშინ რას ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და რესტავრაცია?

სულითა და ხორცით მუსლიმანი როსტომ ხანის დროს უამრავი ეკლესია-მონასტერი აშენდა, რადგან მისი მეუღლე, დედოფალი მარიამი უაღრესად კეთილმორწმუნე ადამიანი იყო და ეკლესიების მშენებლობას მფარველობდა. მაგრამ რას ემსახურებოდა როსტომ ხანის მეთოდი ეკლესიების მშენებლობისა? ერს რაც უფრო მეტ ეკლესიას აუშენებ, ამით კი არა, არამედ უკვე აშენებულში სიარულით და უფალთან მისვლით ხარობს. კაცმა შეიძლება გულით ხის ძირას ილოცოს.

ახლა საქართველოს როსტომ ხანის ეპოქის მსგავსი პერიოდი უდგას, ოღონდ ეს ბოლო ჟამია. მუხლჩაუხრელი ომია ეკლესიის დასაჩოქებლად და ამ დროს ციხე შიგნიდან ტყდება. მოხუცი პატრიარქი დაიგულეს და ახლა დაიწყეს ხელების ქნევა, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ვაჟა-ფშაველას ჯოყოლასავით მარტო რომ მომიწიოს ხმლის ქნევა, ჩემს ეკლესიას ყოველთვის დავიცავ. მაღალი იერარქიიდან ქვედა ფენებში  ხმა დაყარეს, რომ მე, მიტროპოლიტი მელქისედეკი მათი მტერი და საქართველოს ეკლესიის მოწინააღმდეგე ვარ. რატომღაც საკუთარი თავი ეკლესიასთან გააიგივეს და თურმე მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი მტრები ვართ. სინამდვილეში კი მე აქ ვლოცულობ და სადაც არ უნდა ვიყო, რომელ სამწყსოსაც არ უნდა განვეკუთვნებოდე, მართლმადიდებლად, ქართველად და ჩემი დედაეკლესიის ერთგულად ვრჩები. დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ და გამარჯვება უნდა შევძლოთ. ჩვენ ღვთისმშობლის კვართის მცველნი ვართ, ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეძლოს და გაიმარჯვოს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც აცხადებდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთიოჯახი და ქვეყანაა, არჩევნებში დამარცხდა. მისი კონკურენტი ჯო ბაიდენი, რომელზეც ტრამპი ამბობდა, რომ ის ღმერთის წინააღმდეგია, ამერიკის არჩეული პრეზიდენტია. რა ელის მსოფლიოს ასეთი ცვლილებისგან?

ტრამპის პრეზიდენტობის დროს ბევრი პოზიტიური რამ მოხდა. ის ბოლომდე ეცადა, გარკვეული პროცესები შეენელებინა და ამაში მეუღლის მართლმადიდებლურმა წარმომავლობამ დიდი როლი ითამაშა, თუმცა მას არ ჰქონდა ის საღვთო მადლი, რომლითაც ბოლომდე გამარჯვებას შეძლებდა. დონალდ ტრამპმა იცის, რომ ბოლო ჟამის ერთ-ერთი ბოლო პრეზიდენტია, მაგრამ ბოროტი ძალა ყველანაირად ცდილობს ჩამოაშოროს პოლიტიკას და თავისი კაცი მოიყვანოს. ბაიდენი გააკეთებს იმას, რასაც უბრძანებენ, რომ ამერიკაც გახდეს  ბოროტი ძალების დასაყრდენი, როგორც ევროპაშია. ხედავთ, რომ ევროპის ყველა ქვეყანა დაიკეტა. პირბადის გარეშე სიარული აკრძალულია და საშუალო ბიზნესი ნადგურდება. ამას ტრამპი არ დაუშვებდა, რადგან საშუალო ბიზნესის გაძლიერებას ყოველთვის ხელს უწყობდა და აფინანსებდა. ვიმეორებ, ტრამპის დამარცხება არასასურველ პროცესებს დააჩქარებს.

ბიზნესის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ვირუსმა უამრავი ადამიანი შეიწირა, ამიტომ წესების დაცვა აუცილებელია. ამას წინათ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ეკლესიამ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული  შეზღუდვები კარგად დაიცვა და სხვებსაც ამისკენ მოუწოდა.

ოდესაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა, მაგრამ ეკლესიაში კი არ დაავადებულა, ეკლესიის გარეთ შეხვდა. სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა, ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და უფალმა ამ ქვეყნიდან გაიყვანა, მაგრამ ამის გამო ეკლესიის დახურვა არავის უფიქრია. იმნაძე რასაც ამბობს საინტერესოა, მაგრამ ამ ხალხის არ მჯერა და ბედნიერი ვიქნები, თუ ისეთ რამეს იტყვიან, რასაც დავიჯერებ. შესაძლოა, რეგულაციები აუცილებელია, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვიღაც უკანონოდ დაისაჯოს.

თქვენი აზრით, როგორი იქნება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიცია?

კათოლიკოს-პატრიარქისა და რამდენიმე ადამიანის გარდა, ეკლესიის პოზიცია დარჩება იმ მხარეს, რომელიც გაიმარჯვებს. დაელოდებიან, ნახავენ ვინ გაიმარჯვებს და მის გვერდით დადგებიან, იმის მიუხედავად, რომ 80-მილიონიანი ხარჯი გაიღო, სამება ააშენა და იქ ვლოცულობთ, მაინც ასე იზამენ და ივანიშვილმაც იცის, თუ როგორი ადამიანები არიან დღეს ეკლესიაში. თუმცა ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, ეკლესიას გასუფთავება სჭირდება, რაც უახლოეს 3-4 წელიწადში  დაიწყება და ისიც ვიცი, ვინ იქნება ამის მოთავე.

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, სწორედ წმინდა მამა ბერი გაბრიელი იქნება მოთავე ეკლესიის საბოლოო გაწმენდისა, ყველასგან და ყველაფრისგან. ამის გარეშე საქართველოს გაბრწყინება შეუძლებელია.

ეკლესიასტე გვასწავლის, რომ თუ მოძღვარი არ გყავს და აღსარება არ გაქვს ჩაბარებული, სასუფეველს ვერ იხილავ. სულიერი განწმენდის გარეშე, ხორციელ გაწმენდას და ტანის დაბანას აზრი არ აქვს. ბოროტი და უზნეოც ისე იბანს ტანს, როგორც კეთილი. მოძღვარი სჭირდება ჩემს სულს, ამ გამტარის საშუალებით უნდა მივიდე უფალთან, ამიტომ მოძღვარი უნდა იყოს უმაღლესი კატეგორიის, რომელსაც აარჩევს მამა გაბრიელი და დატოვებს ეკლესიის გაწმენდის შემდეგ. ამით გადავრჩებით, სხვანაირად საქართველო ვერ გადარჩება. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და სულიერად უნდა აღვიქვათ!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close