პოლიტიკასაბერძნეთი

ლოქდაუნის მოხსნის „ჭკვიანი გზა“ – როგორ შეხვდება შობას საბერძნეთი?

მიცოტაკისი: „წლევანდელი შობა არ იქნება ისეთი, როგორსაც შეჩვეულები ვართ, მაგრამ არც ძალიან მკაცრი შეზღუდვები იქნება“

როგორ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს? რა რაოდენობის შემთხვევები უნდა გვქონდეს, რომ დავემშვიდობოთ იზოლაციას, lockdown-ს? – იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს საბერძნეთის მთავრობა იმოქმედოს ლოქდაუნის შემდეგ, კირიაკოს მიცოტაკისმა ND-ის („ნეა დიმოკრატია“) აღმასრულებელი სამდივნოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ჩვენ  შევანელებთ პანდემიის მეორე ტალღის აფეთქებას და შემდეგ, „ჭკვიანი გზით“, დეკემბერში დავიწყებთ ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ხელახლა ეტაპობრივად გახსნას“, – ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რას ნიშნავს პრემიერის ნათქვამი? როგორც news.gr წერს, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ახალი დაბლოკვის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება თანდათანობით, ეტაპობრივად მოხდება და არა ერთბაშად. ეს ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, გახსნიან მაგ., სავაჭრო და შემდეგ – კვების ობიექტებს, ისევე როგორც მაისში, პირველი ტალღისას ჩაკეტვის შემდეგ. მიზანი არის, რომ ყველა სფერომ იმუშაოს საშობაო არდადეგების დაწყებამდე, ბაზარი მაქსიმალურად დაიტვირთოს და, ამავდროულად, ყოველთვის იყოს დაცული ვირუსის შესაჩერებელი ზომები და შეზღუდვები.

„ჭკვიან გზაზე“ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ მიუთითა სოტირის ციოდრასთან ერთად გამოსვლისასაც.

„ჩვენ ვაჭერთ გაზს, როცა პირდაპირ მივდივართ და მუხრუჭს – მოსახვევებში“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული, ლოქდაუნის მოხსნის შემდეგაც დაბრუნდეს მსგავსი შეზღუდვები გარკვეულ მომენტში, ხანმოკლე დროით, თუ ეპიდემიოლოგიური მონაცემები იქნება ისეთი, რომ სერიოზული ჩარევა გახდება საჭირო, – განმარტა მიცოტაკისმა.

მან თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, ერთი მხრივ, იმას, რომ იზოლაცია ექსპერტების მოთხოვნის შესაბამისად დაწესდა, მეორე მხრივ, რომ წლევანდელი შობა ნებისმიერ შემთხვევაში „არ იქნება ისეთი, როგორსაც  შეჩვეულები ვართ, მაგრამ არც ძალიან მკაცრი შეზღუდვები იქნება“. მან დასძინა, რომ „ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან ამის მიღწევა შეგვიძლია“.

საბოლოო ჯამში ლოქდაუნის ზუსტი ხანგრძლივობა შეფასდება არსებული რეალობიდან გამომდინარე – სამიზნე მაჩვენებელია 300-400 შემთხვევა დღეში, რომლის მართვაც შედარებით ადვილი იქნება ამჟამინდელ რაოდენობასთან შედარებით, როდესაც ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი სტაბილურად 2500-3000 შემთხვევამდე ავიდა და შედეგად ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 200-ზე მეტ პაციენტს ესაჭიროება ინტუბაციური მკურნალობა. ასევე, მოხდება ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის შემოწმება და ამის მიხედვით მიიღებს მთავრობა ლოქდაუნის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ბოლო 24 საათის სტატისტიკას, საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (მთლიანი მაჩვენებელი  – 58187), გარდაიცვალა 41 პაციენტი (მთლიანობაში – 825). სულ გამოჯანმრთელებულია 9989 ადამიანი, აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამ დროისთვის 47373-ს უდრის, მათგან 239 პაციენტის მდგომარეობა  კრიტიკულად მძიმეა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close