მედიცინამსოფლიო

წინა კვირასთან შედარებით ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 43%-ით გაიზარდა – რა ვითარებაა რუსეთში (ვიდეო)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 22%-ით, ხოლო კორონავირუსით სიკვდილიანობის რიცხვი კი 43%-ით გაიზარდა.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები საფრანგეთსა და იტალიაში დაფიქსირდა.

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 352 შემთხვევა დაფიქსირდ (წინა დღეს – 353, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 6 მაისის შემდეგ). ამავე პერიოდში კიდევ  30 550 ადამიანი დაინფიცირდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 39764-ს შეადგენს.

სამწუხარო ანტირეკორდი დამყარდა საფრანგეთში. 3 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, წინა 24 საათში კორონავირუსით 854 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალია 15 აპრილის შემდეგ. გუშინ, 4 ნოემბერს გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი იყო – 385. საერთო ჯამში, კორონავირუსით ქვეყანაში 38 674 ადამიანია დაღუპული.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 40 558 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა (1 543 321). ამ მაჩვენებლით საფრანგეთი პირველ ადგილზეა ევროპაში და უკვე უსწრებს ესპანეთს (1 356 798), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში „ლიდერობდა“, მსოფლიოში კი მეხუთე ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.

რუსეთში სწრაფად იზრდება კოვიდ-19-ით დაავადების შემთხვევები, მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ზოგიერთ რეგიონში. რიგ ქალაქებში სამედიცინო აპარატურისა და მედპერსონალის ნაკლებობაა. მორგების ნაწილი გვამებითაა გადავსებული. არ ჰყავთ საკმარისი პათანატომები, რომ ცხედრებს მიხედონ. ამ დროისთვის რუსეთში ინფიცირების 1 693 454 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია 29 217 ადამიანი.

სულ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა -Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე  48 451 207 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1 231 247 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 34.5 მილიონზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 12,5 მილიონს აჭარბებს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close