fbpx
საზოგადოებასაქართველო

ვის ეკისრება ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ოჯახის წევრის რჩენისა თუ ალიმენტის ხსენებისას უმეტესობა ვფიქრობთ, რომ ის მხოლოდ მშობლის ვალდებულებაა, თუმცა ეს ასე სულაც არაა. ქართული კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც რიგ შემთხვევებში ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება ეკისრებათ.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით ამომწურავად აგიხსნათ, ვის და რა შემთხვევაში ეკისრება ოჯახის წევრის რჩენა და საალიმენტო მოვალეობები.

ქართულ რეალობაში ალიმენტთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე უფრო აქტუალური განქორწინების შემთხვევაშია, თუმცა ალიმენტი თავისი არსით ნიშნავს, რომ ისაა ხარჯი, რომელსაც პირი, კანონისმიერი საფუძვლით, სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრს/წევრებს.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ თანხმად, იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, ასე გამოიყურება:

– მშობლები: თქვენ მოვალე ხართ არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

– შვილები: მოვალე ხართ იზრუნოთ მშობლებზე და დაეხმაროთ მათ. თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი და შრომისუნარიანი, კანონი გავალდებულებთ, არჩინოთ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

– მეუღლეები: ვალდებული ხართ მატერიალურად დაეხმაროთ ერთმანეთს. თუ ასეთ დახმარებაზე უარს ამბობთ, ან სარჩოს მიცემის შესახებ თქვენ შორის შეთანხმება არ არსებობს, მაშინ სასამართლო წესით სარჩოს მიიღებს: ა) შრომისუუნარო მეუღლე, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ) ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.

– დები და ძმები: თუ საკმაო სახსრები გაქვთ, მოვალე ხართ, არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი დები და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისგან. ასეთივე მოვალეობა გეკისრებათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დებისა და ძმების მიმართაც, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ვერ იღებენ სარჩოს თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისგან.

– შვილიშვილი: თუ თქვენ საკმარისი სახსრები გაქვთ, კანონი გავალდებულებთ, არჩინოთ თქვენი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ვერ იღებენ სარჩოს თავისი შვილისგან ან ერთმანეთისგან.

– პაპა და ბებია: საკმარისი სახსრების ქონის შემთხვევაში მოვალენი ხართ არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისგან. ასეთივე მოვალეობა გეკისრებათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართაც, რომელიც დახმარებას საჭიროებს და ვერ იღებს მას თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისგან.

– მამინაცვალი და დედინაცვალი: თუ გაქვთ საკმაო სახსრები, ვალდებული ხართ არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება თქვენთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები.

გერი: თუ გაქვთ საკმაო სახსრები, მოვალე ხართ არჩინოთ თქვენი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე გზრდიდნენ ან გარჩენდნენ.

– პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად: ვალდებული ხართ მისცეთ სარჩო თქვენს ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისგან.

ალბათ ბევრს აინტერესებს, როგორ განისაზღვრება ალიმენტის გადახდის ოდენობა. გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით. ამ დროს სასამართლო ითვალისწინებს ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას.

იმ შემთხვევაში, თუ ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა შეიცვალა, სასამართლოს უფლება აქვს ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

მარიამ ბერიძე

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close