მედიცინაარტისტი

ლუი სხეულების დემენცია – რობინ უილიამს დიაგნოზი თვითმკვლელობიდან 2 თვის შემდეგ დაუსვეს (ვიდეო)

„ალცჰაიმერი მაქვს? დემენციაა? შიზოფრენიაა? - პასუხი იყო: არა, არა და არა“

პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა რობინ უილიამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ისე დაასრულა, რომ არც კი იცოდა, რა სჭირდა. დიაგნოზი მას სიკვდილის შემდეგ დაუსვეს. ლუი სხეულების დემენციის წინააღმდეგ მედიცინა დღეს უძლურია, თუმცა მისი დროულად ამოცნობა და თანმხლები სტერეოტიპების დაძლევა აუცილებელია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფილმი „რობინის სურვილი“ გადაიღეს, თუმცა ფილმი გაცილებით მეტ რამეზეა, ვიდრე მხოლოდ ამ ერთ, ჯერ კიდევ კარგად შეუსწავლელ დაავადებაზე.

მაშინ ეს მთელი მსოფლიოსთვის შოკი იყო. 6 წლის წინ მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობის, რობინ უილიამსის სხეული საკუთარ საძინებელში კისერზე თოკშემოხვეული იპოვეს.

როცა მისი ფერფლი, ანდერძის მიხედვით, სან-ფრანცისკოს ყურეში მოაბნიეს და კინომოყვარულები რობინს საბოლოოდ დაემშვიდობნენ, სუიციდის ნამდვილი მიზეზი ჯერ კიდევ არავინ იცოდა. ყველაზე გავრცელებული ვერსია დეპრესია იყო.

სიუზან შნაიდერი, რობინ უილიამსის მეუღლე, დიაგნოზის შეტყობის დღეს იგონებს: „გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად დამიძახეს. მთხოვეს, დავმჯდარიყავი. მითხრეს, რომ რობინის გარდაცვალების მიზეზი იყო დაავადება, სახელად: ლუი სხეულების დემენცია. თურმე, ეს სხეულები რობინის თავის ტვინის ყველა უბანში იპოვეს. ამით აიხსნებოდა ბოლო თვეებში გაჩენილი შიში, შფოთვა, დეპრესია, ჰალუცინაციები, სერიოზული უძილობა, პარანოია. მახსოვს, შენობიდან რომ გამოვედი, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. ვიგრძენი, რომ ბოლოს და ბოლოს ამ კითხვებს, ამ ყველაფერს სახელი აქვს. დავიწყე იმის აღქმა, თუ რა მოხდა სინამდვილეში“.

მოგვიანებით უილიამსის ქვრივმა რეჟისორ ტეილორ ნორვუდს მიმართა, რათა დოკუმენტური კინოს ენით მსოფლიოსთვის მისი ქმრის ცხოვრების ბოლო წლები გაეცნო. სიუზანს სურდა, რომ რობინის ისტორია მსგავს კოშმარში მცხოვრებ ბევრ სხვა ოჯახს დახმარებოდა და გაზრდილიყო ცნობადობა ამ ბევრისთვის უცნობ, თითქმის შეუსწავლელ პრობლემაზე – ლუი სხეულების დემენცია.

„ჯერ ერთი, მსგავს დემენციაზე არავის სმენოდა, იმის მიუხედავად, რომ მარტო ამერიკაში ამ დაავადებით მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს. და მეორე: რობინის ფანებსაც უნდა სცოდნოდათ, რომ მას სიცოცხლეში ეს დიაგნოზი დასმული არ ჰქონდა და სწორედ ეს გაუგებრობა, თუ რა ხდებოდა მის თავს, იყო ყველაზე მტკივნეული რამ რობინისთვის. ექიმთან კვირაში სამჯერ დადიოდა, იოგას აკეთებდა, იბრძოდა. დაბოლოს: გვინდოდა აუდიტორიისთვის გაგვეცნო რობინი, არა მსახიობი რობინ უილიამსი, არამედ – რობინი“, – ამბობს ტეილორ ნორვუდი, „რობინის სურვილის“ რეჟისორი.​

მოწიფულ ასაკში მყოფი სიუზანის და რობინისთვის ეს პირველი ქორწინება არ იყო, თუმცა ერთად ყოფნის ბედნიერება წყვილს მხოლოდ 3 წელი ერგო. ფილმში სიუზანი დაავადების ერთ-ერთ პირველ ინციდენტს იგონებს. რობინმა ვანკუვერიდან დაურეკა, იქ „ღამე მუზეუმში – 3-ს“ იღებდნენ, მის ბოლო ფილმს. რობინი პანიკაში იყო, ამბობდა, რომ ვერცერთ წინადადებას ვერ იმახსოვრებდა.

„მახსოვს, მითხრა: არ ვიცი, რა ხდება. ეს მე აღარ ვარ“, – იგონებს შონ ლევი, რეჟისორი.​ ფილმში რობინის ახლობლები, მეგობრები, კოლეგები პირველად ჰყვებიან, თუ როგორ ჩაქრა რობინი თანდათან საკუთარ სხეულში.

სიუზანი ამბობს, რომ რობინი გამუდმებით ეკითხებოდა: „ალცჰაიმერი მაქვს? დემენციაა? შიზოფრენიაა? – პასუხი იყო: არა, არა და არა“.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close