რას არ გაიგებ/ფაქტები

რით არის განსაკუთრებული 31 ოქტომბრის „ცისფერი“ სავსემთვარეობა და რა კავშირშია სურვილების ასრულებასთან?

თვის ბოლო დღეს, 31 ოქტომბერს შეგვიძლია ვიხილოთ ასტრონომიული მოვლენა „ცისფერი მთვარე“. ეს მეორე სავსემთვარეობაა წლევანდელ ოქტომბერში, პირველი სავსემთვარეობა ამ თვეში პირველ ოქტომბერს იყო.

ჩვეულებრივ, წელიწადში 12 სავსემთვარეობაა, მათ შორის შუალედი 29,5 დღე-ღამეა. ძალიან იშვიათად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ (საშუალოდ, 2,7 წელიწადში ერთხელ) ხდება, რომ პირველი სავსემთვარეობა თვის პირველ რიცხვშია ხოლმე, შესაბამისად, მომდევნო სავსემთვარეობა თვის ბოლო რიცხვში უწევს. სწორედ ასეთი მოვლენა ხდება 2020 წლის ოქტომბერში. ბოლოს ერთ თვეში ორი სავსემთვარეობა 2018 წლის მარტში დაფიქსირდა. შემდეგი „ორმაგი სავსემთვარეობა “ 2023 წლის აგვისტოში იქნება.

ოფიციალურად, ნასას მონაცემებით, ხვალინდელი სავსემთვარეობა თბილისის დროით 17:48 საათზე დადგება.

მოვლენა, რომელსაც 1940-იანი წლიდან აშშ-ში „ნაღვლიან ან ცისფერ მთვარეს“ უწოდებენ, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხვალ მთვარე ცისფრად „შეიღებება“. სახელწოდება „ცისფერი მთვარე“ (Blue Moon) ციური მნათობის ფერს სულაც არ უკავშირდება – ის მომდინარეობს ინგლისური იდიომური გამოთქმიდან «Once in a Blue Moon». სიტყვასიტყვით ეს ფრაზეოლოგიზმი ითარგმნება, როგორც „ერთხელ ცისფერი მთვარის დროს“ – იმ აზრით, რომ ძალიან იშვიათ შემთხვევაზეა საუბარი.

საქმე ისაა, რომ ოქტომბრის მეორე სავსემთვარეობის დროს მთვარე თავისი ელიფსური ორბიტის ყველაზე შორ წერტილში იქნება (მთვარის აპოგეა) დედამიწიდან, 406 400 კმ-ის დაშორებით (საშუალოდ, მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი დაახლოებით 384 500 კილომეტრია). შესაბამისად, მნათობი უფრო შორეული გამოჩნდება, ვიდრე საპირისპირო მოვლენისას – სუპერმთვარის დროს, როდესაც მთვარე ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან.

ასტროლოგები სავსემთვარეობას განსაკუთრებულ მოვლენად აფასებენ და მასთან დაკავშირებით რჩევებს იძლევიან. ვისაც ასტროლოგიის სჯერა, მათთვის ალბათ საინტერესო იქნება ამ რჩევების გაცნობა.

რის გაკეთება შეიძლება და რის – არა 31 ოქტომბერს?

სავსემთვარეობის დროს გეგმების ჩაშლის ალბათობა დიდია, ამიტომ ამ პერიოდში ნუ იჩქარებთ – ასტროლოგები გვირჩევენ განტვირთვას, ახლობლებსა და მეგობრებთან შეხვედრას და დროის მხიარულ კომპანიაში გატარებას. უნდა დაივიწყოთ წყენები, აპატიოთ ადამიანებს და ცუდი აზრებისგან გათავისუფლდეთ. ადეკვატურად მიიღეთ კრიტიკა, ყველაფერზე გული ნუ მოგივათ, ნუ გაღიზიანდებით და საკუთარი შეცდომებისთვის სხვების დადანაშაულებას ნუ ეცდებით.

რეკომენდებულია არ დაიწყოთ ახალი საქმეები და პროექტები, არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან დოკუმენტებს. არ შეიცვალოთ სამსახური. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, თავი შევიკავოთ შორეული მოგზაურობებისგან სავსემთვარეობის დროს. კარგს არაფერს მოგიტანთ ურთიერთობების გარკვევის მცდელობა ოჯახში, უმჯობესია ემოციებს არ აჰყვეთ და ხისტი გამონათქვამებისგან თავი შეიკავოთ.

მეცნიერთა აზრი კი სხვაგვარია: ისინი ერთმნიშვნელოვნად გვამშვიდებენ – ბოლო დროს ჩატარებულმა რამდენიმე ათეულმა კვლევამ აჩვენა, რომ სავსე მთვარესთან დაკავშირებული მისტიკური რწმენები (უწმინდური ძალების გააქტიურება, ჯადოქრების მაგიური რიტუალები და ა. შ.) – სრული სისულელეა (აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი სავსემთვარეობა ჰელოუინს ემთხვევა). სტატისტიკა აჩვენებს, რომ ციური მოვლენები ფიზიკურად არანაირ ზეგავლენას არ ახდენენ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ადამიანები თვითონ „ძაბავენ საკუთარ თავს“.

digest.pia.ge კი წერს, რომ 31 ოქტომბრის „ცისფერი“ სავსე მთვარე თქვენს  ნებისმიერ სურვილს აასრულებს. გამოცემის ინფორმაციით, „ასე სწამდათ ჩვენს წინაპრებს და ისინი ცისფერ სავსემთვარეობას პატარა რიტუალს ატარებდნენ:

  • მთვარის ამოსვლამდე ანთებდნენ სანთელს;
  • ოთახებს ანთებული სანთლით დაივლიდნენ;
  • ფურცელზე საკუთარ მიზნებს, სურვილებსა თუ ოცნებებს წერდნენ და დაძინებამდე ბალიშის ქვეშ ამოდებდნენ.

რთულია იმის გადამოწმება, უსრულებდა, თუ არა [მათ] ეს მეთოდი ოცნებებს, თუმცა შეგიძლიათ იგივე საკუთარ თავზე სცადოთ“.

თუ ამგვარი რიტუალებისა გჯერათ, რატომცა არა, სცადეთ, რთული სულაც არ არის, ოღონდ ცეცხლთან ფრთხილად, ხანძარი არ გააჩინოთ. 🙂

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close