საზოგადოებასაბერძნეთი

მიწისძვრის შედეგად საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 2 მოსწავლე დაიღუპა

6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის (სხვა შეფასებით, 7-ბალიანმა, რიხტერის სკალით) მიწისძვრამ, რომელიც საბერძნეთის კუნძულ სამოსის სიახლოვეს დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 2 საათზე (13:51) მოხდა, კუნძულზე, ქალაქ ვატიში (Βαθύ) 2 არასრულწლოვანი იმსხვერპლა – მოსწავლეები კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

17 და 15 წლის მოზარდები, ბიჭი და გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ მიწისძვრის შემდეგ, მათ ძალიან ვიწრო ქუჩაზე ნახევრად დანგრეულ შენობასთან ახლოს გაიარეს, რომელიც სწორედ მაშინ ჩამოიშალა და მოსწავლეები ქვეშ მოიყოლა. მაშველების მცდელობის მიუხედავად, ისინი ნანგრევებიდან ცოცხლები ვერ ამოიყვანეს.

შენობების ნგრევის შედეგად კიდევ 8 ადამიანია დაშავებული, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ, რომლებიც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველაზე მეტი დაზიანება აღინიშნება ძველ შენობებში პითაგორიოში, კარლოვასისა და ვატიში. კარლოვასიში ღვთისმშობლის ამაღლების ტაძრის ნაწილი ჩამოინგრა, საბედნიეროდ, შენობაში არავინ იმყოფებოდა.

კუნძულის აეროპორტი, რომელიც დროებით დაკეტილი იყო, გაიხსნა. სამოსზე სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასს ელოდებოდნენ, რომელმაც ადგილზე უნდა შეაფასოს სიტუაცია და ნგრევის მასშტაბები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი თურქეთში, იზმირის რაიონში 12-მდე გაიზარდა (ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 4 მსხვერპლზე საუბრობდნენ). ბაირაკლისა და იზმირში ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close