fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტები

ფლორიდაში უიშვიათესი, ორთავიანი გველი დააფიქსირეს

ფლორიდის შტატის დასახლება პალმ-ჰარბორში შინაურმა კატამ უიშვიათესი ორთავიანი გველი დაიჭირა.

კატა ოლივის პატრონი ფეისბუქზე წერს, რომ ცხოველმა გველი მისაღებ ოთახში შეიყვანა. ოჯახი ძალიან შეშფოთდა, როდესაც შენიშნეს, რომ პატარა, წინწკლებიან გველს ერთ სხეულზე ორი თავი ჰქონდა; ორივე მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამოძრავებდა თვალებს, კისერს და ენას. გველს მათ „დოსი“ დაარქვეს, რაც ესპანურად „ორს“ ნიშნავს.

„მისი უდიდესი პრობლემა ჭამაა. ვუვლით, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ძალიან უჭირს ორი თავის მართვა“, – წერს გველის მიმყვანი კატის მფლობელი კი როჯერსი ფეისბუქზე.

ამ ფენომენს ბიცეფალია ეწოდება და საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა, რომელიც ემბრიონული განვითარების დროს ხდება, როდესაც იდენტური ტყუპი ნაყოფი ერთმანეთისგან სრულად განცალკევებას ვერ ახერხებს. ასეთი მოვლენა გვხვდება თითქმის ყველა სახის ცხოველში, მათ შორის, შვლებსა და ზღვის ღორებში; სტატისტიკურად, ადამიანები ორთავიან გველს საშუალოდ წელიწადში ერთხელ პოულობენ.

2019 წელს ნიუ ჯერსიში შენიშნეს ორთავიანი ჩხრიალა გველი, 2018 წელს კი ვირჯინიაში, ერთ-ერთი სახლის ეზოში ორთავიანი გველგესლა დაიჭირეს.

ორთავიან გველებს ველურ ბუნებაში არსებობა საკმაოდ უჭირთ, რადგან ერთმანეთის კონკურენტი ორი თავის ტვინი ართულებს მსხვერპლის დაჭერას ან მდევრისგან გაქცევას, ამიტომ ისინი ხშირად უვარდებათ ხელში ველური ბუნების მკვლევრებს.

ამჟამად ორთავიან გველ „დოსზე“ ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების კონსერვაციის კომისია ზრუნავს, რომელმაც ფეისბუქზე მისი ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „დოსი“ სამხრეთის შავი მცურავია (Coluber constrictor priapus) – პატარა, არაშხამიანი გველების სახეობა, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებშია გავრცელებული.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close