ქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიური კინოს ქართველმა ვარსკვლავმა ლუკა ჩიქოვანმა რომის იმპერატორის გვირგვინი მოირგო (ვიდეო)

ლუკა ჩიქოვანი, რომელიც იტალიაში ცნობილია, როგორც მომღერალი, Sky Italia-ს მხატვრულ ფილმში  “Power of Rome”  („რომის ძალა“), იმპერატორ ავგუსტუსის როლს შეასრულებს. ფილმის რეჟისორი ჯოვანი ტროილოა.

იტალიელი თინეიჯერების გულთამპყრობელი ლუკა ჩიქოვანის საშემსრულებლო კარიერის და კინოდებიუტის შესახებ nostal.ge 2 წლის წინ უკვე წერდა.

ლუკა უკვე 26 წლისაა და ვარსკვლავურ ცხოვრებას აგრძელებს – ის ორ ახალ იტალიურ კინემატოგრაფიულ და სატელევიზიო პროექტზე მუშაობს, მას შოუბიზნესიც სწყალობს, ხშირად იღებენ რეკლამებსა თუ მუსიკალურ კლიპებში. ლუკა თვითგამოხატვის ახალ ფორმებს მუსიკაში ეძებს – ის გამოსაცემად ამზადებს ახალ მუსიკალურ ექსპერიმენტულ ალბომს.

ამ შემოდგომაზე ლუკამ ვენეციის ბიენალეზეც მიიღო მონაწილეობა. მსახიობი მოკლემეტრაჟიანი ფილმის “Revenge Room“-ის პრემიერით გამოჩნდა მსოფლიოს უძველეს და  ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე. ფილმი ახალგზარდებისთვის აქტუალურ თემაზეა გადაღებული.

ვენეციის ბიენალეს ლუკასთვის სასიამოვნო სიუპრიზის გარეშე არ ჩაუვლია – ის ჟურნალმა ELLE-მა ფესტივალის ყველაზე ლამაზ მონაწილეთა შორის დაასახელა!

შეგახსენებთ, რომ ლუკა ჩიქოვანის კინემატოგრაფიული დებიუტი ორი წლის წინ შედგა ალიჩე რორვახერის კინოსურათში “Lazzaro felice“ („ბედნიერი ლაზარე“). დრამა მოზარდის, სახელად ლაზარეს, ცხოვრების შესახებ მოვგითხრობს, რომელიც დროში მოგზაურობის უნარს ფლობს. იმავე წელს ფილმი კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი.

ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა. მისი ემიგრანტული ცხოვრენა 6 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც იტალიაში დედასთან ჩავიდა საცხოვრებლად, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ ხოშტარია წერს, ლუკას დედა ნათია ჯაფარიძე მხატვარი და კინოოპერატორია, იგი 1997 წლიდან რომში მოღვაწეობს და დიდი წვლილი მიუძღვის ლუკას წარმატებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close