მსოფლიოკრიმინალი

პარიზის გარეუბანში მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს – სავარაუდო მკვლელი 18 წლის ჩეჩენია

პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში დღეს  საშინელი მკვლელობა მოხდა – კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. პოლიციამ თავმოკვეთილი მამაკაცის ცხედარი ნაშუადღევს ქალაქ კონფლან-სენტ-ონორინის  (Conflans-Sainte-Honorine (Yvelines) – 24,2 კმ პარიზის ცენტრიდან) კოლეჯის მახლობლად აღმოაჩინა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კვალიფიკაციით „ტერორისტულ ქმედებასთან დაკავშირებული მკვლელობა“ და „კრიმინალური ტერორისტული ორგანიზაცია“.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის მსხვერპლი კონფლან-სენტ-ონორინის Bois-d’Aulne-ის კოლეჯის ისტორიის მასწავლებელია, ხოლო სავარაუდო მკვლელი – 18 წლის ჩეჩენი (მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელი 1992 წელს დაბადებული ალჟირელი მამაკაცი იყო), რომელიც დანით და პისტოლეტით იყო შეიარაღებული. „როიტერის“ ინფორმაციით, თვითმხილველთა თქმით, სავარაუდო მკვლელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში აღმოაჩინა. იგი პოლიციელებს ცივი იარაღით დაემუქრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. გავრცელდა ცნობა, თითქოს მანამდე მან თავის მოკვეთის საშინელი სცენის ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.

მკვლელობის სავარაუდო მიზეზად სახელდება ის, რომ ისტორიის მასავლებელმა რამდენიმე დღის წინ, გამოხატვის თავისუფლების თემაზე საუბრისას, თავის სტუდენტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.

ელისეს სასახლეს ცნობით, რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

„ეს არის თავდასხმა რესპუბლიკაზე მისი ერთ-ერთი მსახურის, მასწავლებლის საზარელი მკვლელობით“, – დაწერა ტვიტერში საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ.

სამი კვირის წინ საფრანგეთში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა მუჰამედის კარიკატურებთან დაკავშირებით – „შარლი ებდოს“ რედაქციის ყოფილ შენობასთან 25 წლის პაკისტანელი მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, სერიოზულად დაშავდა ორი მოქალაქე.

„შარლი ებდოს“ რედაქციამ ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა და მომხდარი დაგმო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close