პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში დღეს საშინელი მკვლელობა მოხდა – კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. პოლიციამ თავმოკვეთილი მამაკაცის ცხედარი ნაშუადღევს ქალაქ კონფლან-სენტ-ონორინის (Conflans-Sainte-Honorine (Yvelines) – 24,2 კმ პარიზის ცენტრიდან) კოლეჯის მახლობლად აღმოაჩინა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კვალიფიკაციით „ტერორისტულ ქმედებასთან დაკავშირებული მკვლელობა“ და „კრიმინალური ტერორისტული ორგანიზაცია“.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის მსხვერპლი კონფლან-სენტ-ონორინის Bois-d’Aulne-ის კოლეჯის ისტორიის მასწავლებელია, ხოლო სავარაუდო მკვლელი – 18 წლის ჩეჩენი (მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელი 1992 წელს დაბადებული ალჟირელი მამაკაცი იყო), რომელიც დანით და პისტოლეტით იყო შეიარაღებული. „როიტერის“ ინფორმაციით, თვითმხილველთა თქმით, სავარაუდო მკვლელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.
მოგვიანებით პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში აღმოაჩინა. იგი პოლიციელებს ცივი იარაღით დაემუქრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. გავრცელდა ცნობა, თითქოს მანამდე მან თავის მოკვეთის საშინელი სცენის ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.
მკვლელობის სავარაუდო მიზეზად სახელდება ის, რომ ისტორიის მასავლებელმა რამდენიმე დღის წინ, გამოხატვის თავისუფლების თემაზე საუბრისას, თავის სტუდენტებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.
ელისეს სასახლეს ცნობით, რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
„ეს არის თავდასხმა რესპუბლიკაზე მისი ერთ-ერთი მსახურის, მასწავლებლის საზარელი მკვლელობით“, – დაწერა ტვიტერში საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ.
Ce soir, c’est la République qui est attaquée avec l’assassinat ignoble de l’un de ses serviteurs, un professeur.
Je pense ce soir à lui, à sa famille.
Notre unité et notre fermeté sont les seules réponses face à la monstruosité du terrorisme islamiste.
Nous ferons face .— Jean-Michel Blanquer (@jmblanquer) October 16, 2020
სამი კვირის წინ საფრანგეთში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა მუჰამედის კარიკატურებთან დაკავშირებით – „შარლი ებდოს“ რედაქციის ყოფილ შენობასთან 25 წლის პაკისტანელი მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, სერიოზულად დაშავდა ორი მოქალაქე.
„შარლი ებდოს“ რედაქციამ ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა და მომხდარი დაგმო.
Charlie Hebdo fait part de son sentiment d’horreur et de révolte après qu’un enseignant dans l’exercice de son métier a été assassiné par un fanatique religieux. Nous exprimons notre plus vif soutien à sa famille, à ses proches ainsi qu’à tous les enseignants.
— Charlie Hebdo (@Charlie_Hebdo_) October 16, 2020
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები