fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა

ემანუელ მაკრონი: „სიტუაციის კონტროლი ჯერჯერობით არ დაკარგულა, მაგრამ არსებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს““

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, საღამოს France 24-ის ეთერში ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასა და არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომენდანტის საათი წესდება პარიზსა და რამდენიმე ქალაქში.

წამყვანის შეკითხვაზე: „დაკარგეს თუ არა კონტროლი ვირუსზე?“ – მაკრონმა უპასუხა, რომ „კონტროლი არ დაკარგულა, თუმცა სიტუაცია შეშფოთებას იწვევს“.

კომენდანტის საათი, კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე, წესდება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, პარიზში. საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, კომენდანტის საათი იმოქმედებს ილ-დე-ფრანსის რეგიონში (პარიზი), აგრეთვე, ლილში, გრენობლში, ლიონში, მარსელში, რუანში, სენტ ეტიენში, მონპელიესა და ტულუზაში.

კომენდანტის საათის რეჟიმი ძალაში შევა შაბათს, 17 ოქტომბერს და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მონაკვეთში იმოქმედებს. ეს რეჟიმი 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 137 ევროს ოდენობით განისაზღვრა.

ემანუელ მაკრონის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუზღუდავად იმუშავებს და ადამიანებს რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ. მან მოუწოდა მოქალაქეებს, დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და მეგობრებთან სტუმრად სიარული, შეამცირონ კონტაქტები, რათა ინფიცირება აიცილონ თავიდან.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ არაპროპორციული ზომები შემოგვაქვს, მიმაჩნია, რომ შეზღუდვები, რომლებსაც ვიღებთ, პროპორციულია იმ რისკის შესაბამისად, რომელიც არსებობს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ყველა მეზობელი ქვეყანა, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შემაშფოთებელია, შეზღუდვებს აწესებს – მაგ., გერმანია, ნიდერლანდები…

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საფრანგეთში აგვისტოდან უარესდება. გასულ შაბათს, 10 ოქტომბერს ინფიცირებულთა რიცხვის დღიური ზრდის რეკორდი დამყარდა – 26 896 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ 24 საათში კი ისევ ძალიან მაღალი იყო ინფიცირების დღიური მაჩვენებელი – 22591 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (სულ – 779 063), გარდაიცვალა 104 კოვიდპაციენტი და გარდაცვლილთა რაოდენობამ  33 037-ს მიაღწია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 103 413 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

14 ოქტომბერს საფრანგეთმა ქვეყანაში საგანგებო სანიტარიული მდგომარეობის შემოღების შესახებ გამოაცხადა, რომელიც 17 ოქტომბრის 00:00 სთ-იდან შევა ძალაში.

ნინო ხოშტარია

მოუსმინეთ ემანუელ მაკრონის ინტერვიუს France 24-ის ეთერში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close