საზოგადოებასაქართველო

„5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ, რადგან ვგრძნობდი, რომ დავობლდი…“ – მაგდა ჩავლეიშვილი

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოჯახთან ერთად 2008 წელს მეწყერმა მოიყოლა, მაგრამ თავად გადარჩა, თიკა თედორაძის გასამხნევებლად ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. დაიღუპა 5 ადამიანი – 2 ახალგაზრდა კაცი მანქანით ჩაიტანა მეწყერმა, ისევე როგორც თედორაძეების სახლი – ოჯახის 4 წევრიდან 3 დაიღუპა, მათ შორის, მეათეკლასელი ბიჭი. მეოთხე წევრი, მეექვსეკლასელი თიკა გადარჩა იმიტომ, რომ ტრაგედიის დროს ბებიასთან იყო.

თიკა თედორაძის გასამხნევებლად ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა მაგდა ჩავლეიშვილმა, რომლის ოჯახიც 2008 წელს მეწყერს ემსხვერპლა.

„სამძიმარი და თანადგომა პატარა გოგოს, თიკა თედორაძეს ჩემგან! აი უკვე, არ შემიძლია გავჩუმდე და ვაარღვევ შენ წინაშე, ტკივილით სავსე დუმილს! 12 წლის შემდეგ. რადგან დღეს შენ, ჩემი განმეორება ხარ პატარა გოგო. ჩემსავით გეწვის გული, სული!  კი, ყველაზე უკეთ მესმის დღეს, რა დღეში ხარ, რადგან ზუსტად 19. 09. 2008. წლის ღამეს მეც ცოცხლად დამიმარხა ცივმა, სველმა მიწამ ჩემები. ზუსტად, ასე ჩამომეშალა ჭერი, ზუსტად ისე წვიმდა, როგორც შენთან გაწვიმდა ჩემო ლამაზო.

თუმცა, სხვაობა ის არის, რომ მეც მათთან ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ, რადგან ვგრძნობდი უკვე დავობლდი. არ მინდოდა ვეპოვნე ვინმეს, სიკვდილს არ ვებრძვოდი. პირიქით, ვთმობდი სიცოცხლეს. მაგრამ არ მეწერა, არ მომცა უფლება ღმერთმა წავსულიყავი მათთან ერთად, სხვა ცხოვრებაში. მიპოვეს, ვინც დამრჩა იმათმა ამომიყვანეს, დამაძალეს, რომ მეცხოვრა, მათი სულისთვის!

იმ დროს ერთადერთი დავრჩი გვარის ნერგად. რომ მეგონა ცხოვრება დასრულდა, ღმერთს ვუსვამდი კითხვას რისთვის? პასუხი არ მქონდა. ის მახსოვს, რომ პირიქით, ღმერთს მადლობაც კი გადავუხადე, რადგან საღსალამათი გადავრჩი, არ დამტოვა ინვალიდი.

მე გავაგრძელე სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, დროსთან ერთად ტკივილი ძლიერდებოდააა. ძვირფასი ადამიანების მხარდაჭერით გავიმართე, ვისწავლე, შევქმენი ოჯახი, მყავს შვილები და ეს მახარებს, რადგან ჩემი და ჩემი შვილების წყალობით, მარადიული ხსოვნა იქნება. არ ჩაქრება, სანთლები ჩემების სულისთვის! ამ ყველაფრით რისი თქმა მინდა, იცი? არ გაბედო, არ დაეცე, ეს შენებს არ მოეწონებათ.

მართალია, ვერავინ შეცვლის შენების ადგილს, მაგრამ მერწმუნე ჩაენაცვლება, ისინი ვინც გვერდით გეყოლება, როგორც ოჯახი. როგორც ჩემთან, მამიდა და მისი ოჯახი. მათ მიმიღეს, ყველაფერი გააკეთეს ჩემი ბედნიერებისთვის. პირობას გაძლევ, გავა დრო და ჩემსავით იფიქრებ დაუვიწყარ, ტკივილით სავსე შემთხვევაზე. შეუძლებელია, რამე შეცვალო  მაგრამ შესაძლებელია, თავს შემოუძახო! გისამძიმრებ თიკუნა და ვთხოვოთ ღმერთს ასე აღარავინ დააობლოს.

მეტი რა გვეთქმის, როცა დღემდე არ მაქვს პასუხი და კიდევ, თუ სურვილი გექნება, რაც ძალიან მინდა, ვნახოთ ერთმანეთი. ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის. გახსოვდეს რომ გაძლიერდე, ისევ მათ გამო! #მეშენიტკივილიმტკივა !!! – წერს მაგდაჩავლეიშვილი.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close