fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შემცირდეს სავალდებულო კარანტინის ვადა

ვირუსი ქვეყანაში აპრილის ფაზის სიჩქარით იწყებს გავრცელებას

კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის სავალდებულო კარანტინის ვადა იტალიაში შესაძლოა 14-იდან 7 დღემდე შემცირდეს. ასეთი წინადადებით პარასკევს, 2 ოქტომბერს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პიერპაოლო სილერი გამოვიდა. ამის შესახებ ilmessaggero წერს.

სილერის თქმით, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს ადამიანები თვითიზოლაციაში ასე დიდხანს გავაჩეროთ, რადგან, უკანასკნელი მონაცემებით, SARS-CoV-2-ის საინკუბაციო პერიოდი 4-იდან 7 დღემდე გრძელდება.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, Ansa წერს, რომ ვირუსი ქვეყანაში აპრილის ფაზის სიჩქარით იწყებს გავრცელებას. 3 ოქტომბრის საღამოს მდგომარეობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 2844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი 24 აპრილის შემდეგ აღარ ყოფილა, როდესაც ერთ დღეში 3021 შემთხვევა დადასტურდა. მრუდი იზრდება იმის მიუხედავად, რომ ტესტირებების რაოდენობა დიდად არ მატულობს.

გაიზარდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში 27 ახალი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა და საგანგებო სიტუაციის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 35 968-ს მიაღწია.

გამოცემის ცნობით, ციფრები  სრული ლოქდაუნის ფაზის მაჩვენებლების დონეზე ბრუნდება, თუმცა სხვა გეოგრაფიული სურათით: რეგიონებს შორის ბოლო საათებში ყველაზე დაზარალებული კამპანიაა (+401), შემდეგ მოდის ლომბარდია (+393), მესამე ადგილზეა პიემონტი (+279). საგულისხმოა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებების პაციენტთა რაოდენობა მცირედით იზრდება (297, + 3 გასულ ერთ დღეში), ხოლო ჩვეულებრივ  პალატებში 3205 (+63 გასულ ერთ დღეში) ინფიცირებულია მოთავსებული.

იტალიაში უკვე მოქმედებს სიფრთხილის ახალი ზომები, როგორიცაა: ნიღბის ტარების მოთხოვნა საჯარო თავშეყრის არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც მთელი ქვეყანის ტერიტორიაზე, პაბებისა და რესტორნების გარკვეულ საათზე დაკეტვა, ადამიანთა დასაშვები რაოდენობის მკაცრი კვოტები სპორტულ დაწესებულებებსა და გასართობ ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრები და თეატრები.

აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც უკვე მაგიდაზე უდევს მომავალი დეკრეტის (Dpcm) პროექტი (7 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს), აგრეთვე, მუშაობს მიზნობრივ და მაქსიმალურად ლოკალიზებულ ჩაკეტვებზე (მთავრობის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ სრული ლოქდაუნი აღარ იქნება).

ზოგიერთ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, უკვე მოქმედებს უფრო მეტი შეზღუდვა – მაგ., ბარები 6 საათიდან დილის 6 საათამდე იკეტება. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, საპარიკმახეროების მუშაობა 13 ოქტომბრამდე შეჩერდა პოტენცის (Porenza, Basilicata) 2 მუნიციპალიტეტში – ტრამუტოლასა და მარსიკოვეტერეში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close