იტალიაპოლიტიკა

იტალიის სენატმა მუშაობა შეაჩერა, რადგან ორ სენატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

პალაცო მადამას (იტალიის სენატის რეზიდენცია რომში) წყაროების ინფორმაციით, სენატმა მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ორ სენატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Ansa იუწყება.

კორონავირუსით ინფიცირება მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ სენატორებს, მარკო კროატისა და ფრანჩესკო მოლამეს დაუდგინეს.

კროატიმ განაცხადა, რომ იგი გასულ ხუთშაბათს  „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ პარლამენტართა ერთობლივ შეხვედრაში მონაწილეობდა, თუმცა ნიღაბი ეკეთა და ყველა იქ მყოფის მიმართ სოციალურ დისტანციას იცავდა. ამ შეხვედრაზე არ გამოცხადდა ფრანჩესკო მოლამე, რომელსაც იმ დროისთვის უკვე სიცხე ჰქონდა. მოლამე სიცილიაზე იმყოფება იზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ სენატორები (ზედა პალატის პარლამენტარები) სხვაგან იყვნენ შეკრებილები და დეპუტატები (ქვედა პალატის პარლამენტარები) – სხვაგან.

პროტოკოლის შესაბამისად, პარტია „5 ვარსკვლავის“ 95-ვე სენატორი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის.

უსაფრთხოების მიზნით, სენატმა მუშაობა ხვალამდე შეწყვიტა. ამ კვირაში სხდომები არ გაიმართება, სენატორები მხოლოდ კომიტეტებში იმუშავებენ.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს დღეს საღამოს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1851 ახალი შემთხვევა დადასტურდა (105 ათასზე მეტი ტესტის ჩატარების შედეგად), 19 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში სულ კორონავირუსის 314 861 შემთხვევა დადასტურდა, 35 894 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 227 704 (+1198 გასულ 24 საათში) პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შემცირებულია Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი – თუ ივნისამდე ყოველი 100 კოვიდპაციენტიდან 15 იღუპებოდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 12-ს შეადგენს, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში, სარდინიის, კამპანიის, ლაციოსა და სიცილიის ჩათვლით, სადაც მოქმედ ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა 16 ივნისიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში, შესაბამისად, 154,2%, 140,7%, 90,8% და + 83,8%-ით გაიზარდა.

ეს რიცხვები, სპეციალისტთა თქმით, იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ „ფაზას, რომელსაც ახლა გავდივართ, არ აქვს ის მახასიათებლები, რომლებიც წინა ფაზას ჰქონდა“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close