ვიდეოიტალიასაზოგადოება

უამინდობა იტალიაში: 15 წლის ბიჭის გადარჩენისას დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს

40 წლის აურელიო ვიზალი, რომელიც გუშინ ზღვის 7-მეტრიან ტალღებში გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც 15 წლის ბიჭი და კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინა, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტი მილაცოს პორტის ადმინისტრაციამ და სამაშველო სამსახურმა დაადასტურეს. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.

დაღუპული ახალგაზრდა უნტეროფიცერი, მილაცოს (მესინა, სიცილია) სანაპირო დაცვის სამსახურის მეორე უფროსი, პორტის დირექციის იმ საპატრულო კატერით გამოიყვანეს, რომელზეც თავად მსახურობდა. ცხედარი დღეს დილით იპოვეს იმ ადგილიდან ჩრდილოეთით, სადაც ვიზალიმ წყალში ჩაყვინთა, რათა ორი ადამიანი გადაერჩინა (ერთი მათგანი – 15 წლის ბიჭი), დაახლოებით 15 მეტრის დაშორებით სანაპიროდან, რომელიც ცნობილია, როგორც „პუნტიტა“, ტონოს უბეში. გუშინ დღისით და გვიან საღამოს ამ ზონაში ჯარისკაცის გაძლიერებული ძებნა მიმდინარეობდა ციდან, ხმელეთიდან თუ წყალში. დაღუპული უნტეროფიცერი მილაცოს საავადმყოფოს მორგში გადაასვენეს.

ANSA/CAPITANERIA DI PORTO

უამინდობა იტალიის დასავლეთ სანაპიროს 25 სექტემბერს დაატყდა თავს. გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაზარალდა. შტორმულმა ქარიშხალმა ხეები მოგლიჯა, დააზიანა სახლების სახურავები, მანქანები, ქარმა ნაგავი ყველგან მიმოფანტა. ტოსკანაში ქარიშხალმა ჩოგბურთის მოედანი დაანგრია, სალერნოში ათობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ნეაპოლში გადაუღებელი წვიმის და სამხრეთ-დასავლეთიდან მქროლავი ძლიერი შტორმული ქარის გამო სკოლები და პარკები დაკეტეს.

კამპანიაში ამინდის გაუარესების და შექმნილი საფრთხის შესახებ გუშინ რეგიონის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელმაც მანამდე გამოცხადებული საფრთხის „ყვითელი“ დონე ორშაბათ დილის 6 საათამდე „ნარინჯისფრამდე“ გაზარდა.

კამპანიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ცნობით, ქარი დღეს შუადღის შემდეგ შესუსტდება.

ზღვაზე გამოცხადებულია შტორმი, ზოგან ძლიერი. რაც შეეხება ხმელეთს, გაფრთხილება არსებობს მეწყერსაშიშროების, ტალახის და ნამტვრევების სწრაფი ნაკადების შესახებ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close