საზოგადოებასაქართველო

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა

საქართველოში გამოვლენილი 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში დაფიქსირდა

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტები იმყოფებიან, სამი ჩვილი გაჩნდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.

კლინიკის დირექტორის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ორსულიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

„სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი აქვს. საერთო ჯამში, ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული. აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, იგი 22 კვირის ფეხმძიმეა. სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

საქართველოში გასულ 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის 4960 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 60-ით გაიზარდა და 1819-ს შეადგენს. გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 27 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში ბოლო ერთ დღეში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარაში გამოვლინდა, 55 – იმერეთში, 41 – თბილისში, 18 – სამეგრელო-ზემო სვანეთში,  9 – გურიაში, 3 – ქვემო ქართლში, თითო-თითო შემთხვევა კი – სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შესწავლილი იყო 4000-მდე „პისიარ“ ტესტის ნიმუში. ინფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანია.

რეგიონის რვა კლინიკაში 484 კოვიდპაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში რჩება 902 ინფიცირებული, სახლის პირობებში კი – 350 პაციენტი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close