კორონავირუსის მე-20 მსხვერპლი საქართველოში 60 წლის ქალია
კოვიდ-19-ისგან გარდაცვლილი მე-20 პაციენტი 60 წლის ქალია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იგი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ სამ პაციენტთან ერთად გადმოიყვანეს და ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.
„დაგვემატა ერთი, მე-20 გარდაცვლილი. ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ სამი, სულ ოთხი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. სამწუხაროდ, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კლინიკა „ბომონდმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული კოვიდ 19-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტს თან ახლდა თანმდევი დაავადებები: ct-ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატუცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი, მათ შორის არიან ბავშვები, ორსულები და მელოგინეები.
საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ, 20 სექტემბერს 196 შემთხვევა დაფიქსირდა) და ამ დროისთვის, მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შემთხვევებიდან 92 – აჭარას, 53 – იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და 1534-ს შეადგენს. გარდაცვლილია 20 ადამიანი, მე-20 პაციენტი გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა.
„წითელ ზონად“ რჩება აჭარა, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან უმეტესი – ბათუმის მკვიდრია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველო ჯერჯერობით ისევ, უსაფრთხო, ე.წ. მწვანე ზონაში რჩება.
„საქართველო ჯერჯერობით მწვანე ზონაში რჩება. მილიონ მოსახლეზე პაციენტების რაოდენობით და გარდაცვალების ციფრით, არსებული სიტუაციით ჯერ ვრჩებით მწვანე ზონაში, ვნახოთ, დინამიკა როგორი იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, 12 სექტემბრიდან ფიქსირდება ახალი შემთხვევების სამნიშნა რიცხვები, თუმცა 152-სა და 196-ს შორის და 200-ისთვის არ გადაუჭარბებია, რაც სტაბილურ მაჩვენებელზე მიუთითებს.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება, თუმცა ეპიდემიოლოგების აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ახალი შემთხვევების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება: გასული 24 საათის მონაცემებით აჭარაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გუშინდელთან შედარებით (128) 36-ით ნაკლებია.
მანანა ბანძელაძე
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები